ფეხბურთი

15:18 | 4.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარტის საუკეთესო - ვაკო ყაზაიშვილი

მარტის თვეში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი გახდა. WORLDSPORT.GE-ს ყოველთვიურ გამოკითხვაში “თქვენ ირჩევთ”, ამერიკული „სან ხოსეს“ ნახევარმცველმა ხმების უმეტესობა მიიღო და ჩვენს გამოკითხვაში პირველად გაიმარჯვა.

აღნიშნულ გამოკითხვაში 886 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ყაზაიშვილმა გამოკითხულთა ხმების 35.3% მიიღო. ვაკომ საკმაოდ დამაჯერებლად აჯობა ოთარ კაკაბაძეს, რომელიც 21.2%-ით მეორე ადგილზე გავიდა. გასული თვის გამარჯვებული გიორგი ჩაკვეტაძე კი, ამჯერზე მესამე პოზიციას დასჯერდა - 19.5%.

რაც შეეხება დანარჩენ ადგილებს, შემდეგნაირად გადანაწილდა:

ვაკო გვილია - 17.8%

გიორგი ქვილითაია - 2.3%

გიორგი პაპუნაშვილი - 1.1%

გიორგი მერებაშვილი - 1.1%

ლაშა დვალი - 0.9%

აქვე, ვაკო ყაზაიშვილის შესახებ მარტში:

მეტად ნაყოფიერი თვე ჰქონდა ვაკო ყაზაიშვილს. 25 წლის შემტევმა მარტში 4 მატჩი ჩაატარა და მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია! “მინესოტა”, “კანზას სიტი”, ლიტვა და ბოლოს ესტონეთთან (გოლი შედევრი). გარდა ამისა, ვაკოს ანგარიშზე ორი საგოლე პასიცაა (“მინესოტასთან). ერთხელ კი, MLS-ის ტურის სიმბოლურშიც მოხვდა. მოკლედ, 4 მატჩი, 4 გოლი, 2 საგოლე გადაცემა – დიდებული მონაგარია ერთი თვის კვალობაზე.

აღნიშნული გამოკითხვა ყოველი თვის დასაწყისში განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე. აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელს გულშემატკივარი მაისის დასაწყისში გამოავლენს.

0.140047