სხვა

15:52 | 3.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

საიუბილეო საზეიმო ღონისძიება სეოკ-ში

დღეს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართა ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის რობერტ შავლაყაძის (85), ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორის ლერი გოგოლაძის (80) და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ლევან თედიაშვილის (70) საიუბილეო საზეიმო ღონისძიება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტები - ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, სახელოვანი სპორტსმენები და ჟურნალისტები.
შეხვედრის დასაწყისში დამსწრე საზოგადოებას მიესალმა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. მან გულითადად მიულოცა სახელოვან ოლიმპიელებს იუბილე და სეოკ-ის სახელით ფულადი ჯილდო გადასცა. ასევე სეოკ-ის ოლიმპიური მედლით დააჯილდოვა სახელოვანი წყალბურთელი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ლერი გოგოლაძე.

"მინდა იუბილე მივულოცო ჩვენს სახელოვან ოლიმპიელებს - რობერტ შავლაყაძეს, ლერი გოგოლაძეს და ლევან თედიაშვილს, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს სამშობლო და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართულ სპორტში და ოლიმპიურ მოძრაობაში. მართლაც განსაკუთრებული და გამორჩეულია მათი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე. მინდა ჩვენ იუბილარებს, ჯანმრთელობა, ბედნიერება და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო.“

იუბილარებს ასევე მიესალმა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე: „მაქვს პატივი სამინისტროს სახელით მივესალმო ჩვენს სახელოვან ოლიმპიელებს, რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს სპორტულ სარბიელზე და არაერთხელ ასახელეს ჩვენი ქვეყანა. მათი სახელები ოქროს ასოებით არის ჩაწერილი ქართული სპორტის ისტორიაში, მათ მიერ განვლილი გზა კი საუკეთესო მაგალითი ჩვენი ახალგაზრდობისთვის.“

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური

0.14482