იტალიური “მილანის” კაპიტანი ლეონარდო ბონუჩი “იუვენტუსთან” გატანილ გოლზე საუბრობს. 30 წლის მცველის განცხადებით, გოლის აღნიშვნა წინასწარ არ ჰქონდა დაგეგმილი.
“რა თქმა უნდა, ტურინში დაბრუნება ემოციური იყო. გოლს აღვნიშნავდი თუ არა, ნამდვილად არ ვიცოდი. როდესაც მოედანზე გავედი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან მათ დამისტვინეს.
ვფიქრობ, “იუვენტუსს” ბევრი რამ მივეცი 7 წელიწადში, ყველაზე მეტი მატჩი ჩავატარე და უკან არასდროს დამიხევია. გოლი? კიელინი მმეურვეობდა. იცოდა, რომ ბურთზე ყოველთვის პირველი მივდიოდი და ამიტომ, ნახევარი ნაბიჯით გავჩერდი. შემდეგ კი, გამიმართლა და ყველაზე მაღლა ავხტი. ჩვენს შორის დიდი მეგობრობაა და მატჩის მერე ვხუმრობდით კიდეც. ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ “იუვეს” მოედანზე და ყველაფერი დეტალებმა გადაწყვიტა”, - განაცხადა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, ლეონარდო ბონუჩი “მილანში” გასულ ზაფხულს “იუვენტუსში” გატარებული შესანიშნავი 7 სეზონის შემდეგ გადავიდა. ეს იყო მისი პირველი დაბრუნება ტურინში მეტოქის რანგში და ადგილობრივი პუბლიკა სტვენით დახვდა. ლეონარდომ კი, გოლი გაიტანა, რომელიც აღნიშნა. უშუალოდ მატჩი კი, “იუვენტუსმა” 3:1 მოიგო.