ძიუდო

18:38 | 31.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

კაცების ასპროცენტიანი შედეგი და მარიამ ჭანტურიას ისტორიული ბრინჯაო

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ძიუდოს გრან პრიზე, ორი დღის შემდეგ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე 10 მედალია. ლუხუმ ჩხვიმიანისა (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილის (66 კგ) ოქროებს, ამირან პაპინაშვილის (60 კგ) ვერცხლს და ლაშა ჩადუნელისა და თემურ ნოზაძის (ორივე 60 კგ) ბრინჯაოებს დღეს მედლები ლაშა შავდათუაშვილმა, ფრიდონ გიგანმა (ორივე 73 კგ), თამაზ კირაკოზაშვილმა, ნუგზარ ტატალაშვილმა (ორივე 81 კგ) და მარიამ ჭანტურიამ (70 კგ) მიამატეს.

კაცებში, უმსუბუქესი წონითი კატეგორიის მსგავსად, 73 კილოგრამიც ქართული ფინალით დაგვირგვინდა. ერთმანეთს ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ოლიმპიური (2012) და ევროპის (2013) ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი და ახალგაზრდებს შორის ევროპის ვერცხლის პრიზიორი (2012) ფრიდონ გიგანი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა წუთსა და 49 წამს გაგრძელდა. ლაშა შავდათუაშვილმა მეტოქეს ვაზარი გდებით აართვა და სამი შიდოც მიაღებინა.

ფინალამდე შავდათუაშვილმა ოთხი შეხვედრა მოიგო. პირველი და მეორე მეტოქეების: სომეხი არსენ ღაზარიანისა და იტალიელი ჯოვანი ესპოსიტოს ჩამოსაშორებლად 4 წუთი არ ეყო და წარმატებას "ოქროს დროში” მიაღწია.. მეოთხედფინალში ხელის მტკივნეულით სძლია შვეიცარიელ ნილს სტამპს. ნახევარფინალში კი ჰოლანდიელ სემ ვანტვესტენდს მეორე წუთის ბოლოს შესრულებული ვაზარი შებოჭვით დაუსრულა.

ლაშა შავდათუაშვილმა თბილისის გრან პრიზე ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა. აქამდე მის ანგარიშზე ვერცხლის (2014) და ორი ბრინჯაოს (2015 და 2016) მედალი იყო. ფრიდონ გიგანი კი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო ტურში შემავალ ტურნირებზე მეორედ ავიდა პოდიუმზე და ეს ორივეჯერ თბილისის გრან პრიზე შეძლო. 2016 წელს მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ფრიდონ გიგანმა ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიშორა. შეჯიბრება ლიტველ რეგიმანტას რიბინასთან დაჭიდებით გახსნა და მეტოქეს ორ წუთში ორი ვაზარი აუღო. უზბეკ გიოსონ ბობოევსაც ვადაზე ადრე მოუმთავრა საქმე, ოღონდ უილეთოდ, სამი გაფრთხილებით. მეოთხედფინალში ბრიტანელ ერიკ ჰემს სამწუთნახევარი აკმარა. ნახევარფინალში კი ირანელი მოჰამად მოჰამადი დაძაბულ ბრძოლაში ზედ საფინალო გონგისას დასცა ბეჭებზე.

73 კილოგრამში საქართველოს სახელით ზვიად კაპანაძემ და ომარ ნიაზაშვილმაც იჭიდავეს. კაპანაძე ტატამზე ერთადერთხელ გავიდა - ფერდინანდ კარაპეტიანთან "ოქროს დროში” დავარდა ვაზარიზე და ტურნირს გამოეთიშა.

ომარ ნიაზაშვილმა ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორის – ბელგიელი დირკ ვან ტიხელტის ვაზარით ძლევით გახსნა. შემდეგ, ირანელი სეიედ მეჰრად ზამანი წუთსა და 47 წამში შებოჭა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ჰოლანდიელ ვანტვესტენდთან ვეღარას გახდა. რეპეშაჟის ნახევარფინალში კი შვეიცარიელ ნილს სტამპთან შებოჭვაზე მოჰყვა და საბოლოოდ მე-7 ადგილს დასჯერდა.

ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონ (2015) თამაზ კირაკოზაშვილს (81 კგ) აქამდე მსოფლიო ტურის შეჯიბრებებზე მედალი ერთხელაც არ მოეგო. ანგარიში თბილისის 2018 წლის გრან პრიზე გახსნა და უმალ უმაღლესი სინჯით. 21 წლის ძიუდოისტმა ბრწყინვალედ იჭიდავა, ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ოთხში საქმე ვადაზე ადრე მოამთავრა.

პირველ მეტოქეს – აზერბაიჯანელ ჯოშგუნ აბდულაევს კირაკოზაშვილმა წუთი და 50 წამი აკმარა. ამერიკელ ჯეკ ჰატონს ვაზარით სძლია. მეოთხედფინალში რუს სტანისლავ სემენოვს გაუმასპინძლდა ულამაზესი მოგვერდით. ნახევარფინალში კი თანაგუნდელ ნუგზარ ტატალაშვილს მოუგო ორ წუთში.

ერთი ქართული დაპირისპირება 81 კილოგრამის რეპეშაჟის ფინალშიც ვიხილეთ – ტატალაშვილმა კობა მჭედლიშვილი დასცა ბეჭებზე და ბრინჯაოს დაეუფლა. დამამშვიდებელ ეტაპზე გადართვამდე, ძირითად ბადეში ნუგზარ ტატალაშვილმა სამი ეტაპი დაძლია, სამივე "ოქროს დროში” მოპოვებული გამარჯვებით. განსაკუთრებით შთამბეჭდავი მეოთხედფინალი იყო, სადაც ტატალაშვილმა გრან პრის პირველ ნომრად განთესილი რუსი - ევროპის მოქმედი ჩემპიონი ალან ხუბეცოვი გამოთიშა, მე-7 წუთზე შესრულებული სუფთა გდებით.

დღის მთავარი იმედგაცრუება ევროპის ბრინჯაოს პრიზიორ (2013) ზებედა რეხვიაშვილის (81 კგ) წარუმატებლობა აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრების გამოცდილმა წევრმა ყაზახი კაჟიმუკან ოტეულიევის ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში უკრაინელ სერგეი კრივჩაჩთან წაიფორხილა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, მაგრამ კობა მჭედლიშვილთან საჭიდაოდ ტატამზე აღარ გასულა.

დაბოლოს, მეორე საჭიდაო დღის ერთ-ერთი უმთავრესი საამაყო ამბავი – გრან პრის პოდიუმზე საქართველოს ქალთა ნაკრების წევრიც ავიდა. მიმდინარე ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა ძიუდოისტმა – 17 წლის მარიამ ჭანტურიამ, რომელსაც მსოფლიო ტურის შეჯიბრებებზე აქამდე ერთხელაც არ ეჭიდავა, დებიუტი შთამბეჭდავი ჭიდაობით და რაც მთავარია, ბრინჯაოთი აღნიშნა.

პირველ შეხვედრაში ჭანტურიამ ჰოლანდიელ ეველინ ბერნდსენს ვაზარით სძლია. ბრიტანელ კატიეჯემიმა იაცბროუნს საფინალო გონგამდე 20 წამით ადრე შეუსრულა იპონი და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც პანამერიკული თამაშების 4-გზის ჩემპიონს - კანადელ კელიტა ზუპანჩიჩს დაუპირისპირდა და შებოჭვაზე მოჰყვა. რეპეშაჟის ნახევარფინალში მარიამ ჭანტურიამ გერმანელ სარა მაკელბურგს შესაბოჭად ნახევარი წუთი აკმარა. "ბრინჯაოს ფინალში” კი მეორე დამატებული წუთის ბოლოს, შიდოების ლიმიტის ამოწურვით აჯობა ევროპის ბრინჯაოს პრიზიორს (2015), გერმანელ სზაუნდრა დიდრიხს.

დღესვე, ქალთა შორის საქართველოს დროშის ქვეშ მზია ბებოშვილმა (63 კგ) და ელისო სისაურმაც (70 კგ) იჭიდავეს, მაგრამ ფინალურ ბლოკამდე ვერ მივიდნენ.

გრან პრის დასკვნით დღეს – 1 აპრილს მედლების ბოლო 5 კომპლექტი გათამაშდება - კაცებში 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში და ქალებში 78 და +78 კილოგრამებში. საქართველოს ნაკრების წევრთაგან ტატამზე გავლენ: ნოდარ ბერიანი, გიორგი გველესიანი, გიორგი პაპუნაშვილი, თორნიკე ჯუღელი (ოთხივე 90 კგ), ლაშა ტაველური, ონისე სანებლიძე, იასონ ნემსაძე, დავით ოზბეთელაშვილი (ოთხივე 100 კგ), გურამ თუშიშვილი, ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე (ოთხივე +100 კგ), ნინო ოძელაშვილი (78 კგ), ელენე ქებაძე და სოფიო სომხიშვილი (ორივე +78 კგ).

0.192368