სამწუხაროდ, ძალიან არ გაუმართლა გიორგი ნემსაძის გაწვრთნილ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს. ელიტრაუნდის რვა ჯგუფის მეორეადგილოსნებიდან სწორედ საქართველო აღმოჩნდა უარესი მაჩვენებლის მქონე და ვერ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე.
ანუ, რვა მეორეადგილოსნიდან შვიდი გავიდა და მერვე (საქართველო) ვერა. ეს უეფას ოფიციალურმა საიტმაც დაწერა.
საქართველომ ჯგუფის ბოლო ტურში 6:1 გაანადგურა მაკედონია, მასპინძელმა პოლონეთმა კი ირლანდიასთან 0:1 წააგო და ბურთების უკეთესი შეფარდებით ვაჯობეთ პოლონელებს. შედეგად, ჯგუფში მეორე ადგილზე გავედით, თუმცა...
საქმე ისაა, რომ ბოლოადგილოსანთან შედეგი მეორეადგილოსნების ქულების დათვლისას არ მიიღება მხედველობაში. ჩვენ გამოგვაკლდა მაკედონიასთან 6:1 გამარჯვება.
შედეგად, მეორადგილოსნებს შორის ჩვენ გვაქვს 1 ქულა და ბურთების შეფარდება 2:4. ანუ მინუს ორი. ამ დროს, ბელგიასა და გერმანიასაც 1 ქულა აქვთ, მაგრამ ბურთები – მინუს ერთი.
ფინალური ეტაპი 16-გუნდიანი იქნება და 4-20 მაისს გაიმართება ინგლისში. გავიდნენ: ბელგია, ბოსნია, დანია, გერმანია, იტალია, ჰოლანდია, ნორვეგია, პორტუგალია, ირლანდია, სერბეთი, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ისრაელი, სლოვენია და მასპინძელი ინგლისი.