სხვა

0:40 | 28.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონია

ბუქარესტში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. ქართულ დელეგაციას პირველი ოქროს მედალი 62 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე შოთა მიშველიძემ მოუპოვა. ორივე მოძრაობის და ორჭიდის ჯამში კი მის ანგარიშზე 2 ოქრო და 1 ვერცხლია.

23 წლის ქართველმა ძალოსანმა უმთავრეს კონკურენტს – ბულგარელ სტილიან გროზდევს ორჭიდის ჯამში 6 კილოგრამით აჯობა. მესამე ადგილზე გასულ რუმინელ იონუტ ილიეს კი 16 კილოგრამით გაუსწრო.

პირველი მოძრაობის - ატაცის შემდეგ, უპირატესობას ბულგარელი ფლობდა. შოთა მიშველიძემ ატაცი 129 კილოგრამით დაიწყო და შტანგა იოლად დაიმორჩილა. მეორე ცდაზე 133 კილოგრამი ვერ ასწია, მაგრამ სიმძიმეს 1 კილოგრამი წაამატა, ახალი წონა დაიმორჩილა, მოძრაობა 134 კილოგრამით დაასრულა და მცირე ვერცხლის მედალს დასჯერდა, რადგან გროზდევმა 135 კილოგრამი აიტაცა. მცირე ბრინჯაო კიდევ ერთ ბულგარელს - ვლადიმირ ურუმოვს ერგო, 130 კილოგრამით.

აკვრაში პირველივე ცდის შემდეგ, ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას მხოლოდ მიშველიძე და გროზდევი შემორჩნენ. ორივემ 152 კილოგრამით და წარმატებით დაიწყო. მეორე ცდაზე საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 158 შეუკვეთა. შოთა მიშველიძემ ეს წონაც აჰკრა. ბულგარელმაც იგივე წონა დაიმორჩილა და ორჭიდის უპირატესობაც დაიბრუნა, მაგრამ მხოლოდ ორი წუთით, ვიდრე შოთა მიშველიძემ 9 კილოგრამით დამძიმებული შტანგა არ ასწია. გროზდევს ძალა აღარ ეყო და ოქროზე ოცნებაც დაასრულა.

აკვრასა და ორჭიდში ბრინჯაოს მედლით ევროპირველობის მასპინძლებმა გაიხარეს – საპრიზო სამეულში იონუტ ილიე შევიდა.

62 კილოგრამი წონითი კატეგორიის ევროკონკურენციაში საქართველოს სახელით რამინ შამილიშვილიც ჩაება. ექვსი ცდიდან ხუთი გამოიყენა და ორჭიდის ჯამში მეხუთე ადგილი დაიკავა. ატაცში შამილიშვილმა 120, 125 და 128-კილოგრამიანი შტანგები ასწია, რაც მეოთხე შედეგი აღმოჩნდა. აკვრაში კი 145 და 150-კილოგრამიანი წარმატებული ცდების შემდეგ, 156 ვეღარ დაიმორჩილა და მეორე მოძრაობაში მეხუთე ადგილი დაიკავა. მესამე ცდაზე წარმატების შემთხვევაში შამილიშვილს შეეძლო, საერთო ქართული მონაგარისთვის თავისი წილი ორი ბრინჯაო წაემატებინა და ევროპოდიუმზე მიშველიძის გვერდით დამდგარიყო.

ამრიგად, ორი დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია – შოთა მიშველიძის ორი ოქრო და ერთი ვერცხლი და გოდერძი ბერდელიძის ბრინჯაო.

ევროპის ჩემპიონატი 1 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს სახელით კი რუმინულ ფიცარნაგზე კიდევ შვიდი ძალოსანი გავა: გოგა ჩხეიძე (69 კგ), რევაზ დავითაძე (85 კგ), დავით ხეცურიანი (105 კგ), ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე (ორივე +105 კგ), თათია ლორთქიფანიძე (69 კგ) და ანასტასია გოტფრიდი (90 კგ).

ძალოსნობა

ევროპის ჩემპიონატი

ბუქარესტი

27 მარტი

62 კგ

1 შოთა მიშველიძე (საქართველო) 299 კგ (134+165)

2 სტილიან გროზდევი (ბულგარეთი) 293 კგ (135+158)

3 იონუტ ილიე (რუმინეთი) 292 კგ (129+154)

5 რამინ შამილიშვილი (საქართველო) 278 კგ (128+150)

0.133532