ბათუმში ჩატარებული მატჩით დასრულდა საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 24-ე ტური და მესამე წრე. რეგულარული ჩემპიონატის 3/4 გავლილია. ყველა გუნდს თამაშების რაოდენობა თანაბარი აქვს და დარჩენილია 1 წრე, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული გუნდი კიდევ თითოჯერ შეხვდება ყველა მეტოქეს – ანუ ყველა გუნდი კიდევ 8 მატჩს ჩაატარებს და რეგულარული ჩემპიონატიც დასრულდება, რის შემდეგაც საუკეთესო 8 გუნდი პლეი ოფში დაწყვილდება.
ბათუმში ადგილობრივ გუნდთან სათამაშოდ მოქმედი ჩემპიონი “დინამო” ჩავიდა, რომელმაც მეორე პერიოდი 27:21 მოიგო და დიდ შესვენებაზე სოლიდური ლიდერობით გავიდა – 46:36. აჭარული გუნდი იოლად არ დანებდა, მესამე მეოთხედი 26:18 მოიგო, ხოლო ბოლო პერიოდში დაწინაურდა კიდეც. შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ბათუმელები 75:71 იგებდნენ, თუმცა დაძაბულ ფინალში 3-ქულიანი გამარჯვება დინამოელებს დარჩათ – 83:80, რომლებმაც მეორე ადგილი შეინარჩუნეს და “რუსთავთან” ერთად ლიდერ “ქუთაისს” 2 ქულით ჩამორჩებიან.
“დინამოში” 18 ქულით და 6 მოხსნით საუკეთესო იყო ილია ლონდარიძე. 14 ქულა დააგროვა ნოდარ გოგოძემ, ხოლო 12-12 – რეივენ ლიმ და ლაველ ბოიდმა. “ბათუმს” 13 ქულით და 8 მოხსნით სტეფან ანდრეიევიჩმა ულიდერა, ბომბარდირი კი 14 ქულით ერიკ ჩილდრესი გახდა.
დასკვნითი, მე-4 წრე 28 მარტს დაიწყება. ამ დღეს თბილისში 25-ე ტურის 3 მატჩი გაიმართება, ხოლო 29 მარტს ბათუმში სათამაშოდ “ქუთაისი” ჩავა.
ბათუმი – დინამო 80:83
gbf.ge