კალათბურთი

1:50 | 22.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია 100%-იანი მაჩვენებლით დაბრუნდა

ევროლიგის 27-ე ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა და პლეი-ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა “სასკი ბასკონიამ”, რომელმაც საკუთარ მოედანზე გერმანული “ბამბერგი” უშანსოდ, 103:79 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო “ბასკონიას” ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ევროლიგაში.

სასიხარულოა, რომ თითქმის სამკვირიანი უქმობის შემდეგ ტრავმა მოიშუშა და მოედანს დაუბრუნდა თორნიკე შენგელია. ესპანელთა ქართველი კაპიტანი არც სასტარტო ხუთეულში ყოფილა და არც დიდხანს დაუტვირთავს მთავარ მწვრთნელს, რაც ბუნებრივია.

თორნიკემ 12:08 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. საგულისხმოა, რომ შენგელიამ უშეცდომოდ ითამაშა შეტევაში: 2-დან 2 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 18 შეადგინა, რაც მთლიანად შეხვედრაში მესამე შედეგი აღმოჩნდა.

“ბასკონიას” 14 მოგება და 13 წაგებით მერვე ადგილი უკავია, ეს პლეი-ოფის საგზურის მომტანია. რეგულარული სეზონის დასრულებამდე კი სამი ტურია დარჩენილი. ბასკები მომდევნო მატჩს 24 მარტს, სტუმრად “ბარსელონასთან” გამართავენ.

0.117531