ფეხბურთი

3:02 | 19.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" ცოცხალია!

ოთხი დღის წინ “იუვენტუსსა” და “ნაპოლის” შორის სხვაობა 4 ქულამდე გაიზარდა, მაგრამ ახლა ისევ შემცირდა. ტურინელთა წაფორხილებით ნეაპოლელებმა ჩინებულად ისარგებლეს და ისედაც დაძაბული სეზონი, კიდევ უფრო დაიძაბა.

მაურიციო სარის გუნდს აშკარად ეტყობოდა ფსიქოლოგიური წნეხი და საკმაოდ გაუძნელდა “ჯენოას” ძლევა, მაგრამ 72-ე წუთზე რაულ ალბიოლის თავური დარტყმა კარში აღმოჩნდა. შესაძლოა, ამ გოლმა სამომავლოდაც ბევრს რამეზე იქონიოს გავლენა. “აძური” ახლა “იუვეს” მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება და წინ კიდევ 9 ტურია. მათ შორის, ურთიერთდაპირისპირებაც წინ გველოდება. როგორც ჩანს, სწორედ 22 აპრილის მატჩი გასცემს ბევრ რამეს პასუხს.

ოთხეულში დაბრუნდა მილანის “ინტერი”. “ნერაძურიმ” გენუაში გაილაღა “სამპდორიასთან” და პირველი ტაიმის მერე 4:0 იგებდა. საბოლოოდ კი, 5:0 გაიმარჯვა. ბენეფისი ჰქონდა მაურო იკარდის. არგენტინელმა პოკერი შეასრულა. მას იტალიის ელიტარულ ლიგაში უკვე 103 გოლი დაუგროვდა და ასე თუ გააგრძელებს, მეორე ასეულსაც მოუყრის თავს. ისე, სიმბოლურია, რომ იკარდიმ იმ სტადიონზე და იმ გუნდთან შეასრულა პოკერი, საიდანაც საფეხბურთო სამყარომ გაიცნო. ლუჩანო სპალეტის გუნდი კი ჩემპიონთა ლიგის ზონაში ისევ შევიდა.

ეს იმიტომ მოხდა, რომ კვლავ ვერ მოიგო “ლაციომ”. როგორც ჩანს, სიმონე ინძაგის გუნდი კრიზისს თავს ვერ აღწევს. “არწივებმა” ამჯერზე საკუთარ მოედანზე მოულოდნელად უმოტივაციო “ბოლონიას” ვერაფერი დააკლეს. უფრო მეტიც, თავიდანვე გოლი გაუშვეს და მართალია ლუკას ლეივამ მალევე გაქვითა, მაგრამ მეტი ვეღარ გააკეთეს რომაელებმა.

მეორე რომაულ გუნდს უფრო მშვიდად აქვს საქმე და ალბათ, ოთხეულში ნამდვილად მოხვდება. “რომამ” კროტონეში მოიგო ადვილად. სტეფან ელ შაარავიმ და რაჯა ნაინგოლანმა თითო ტაიმში გაიტანეს გოლები. “ჯალოროსი” მესამე ადგილზე იმყოფება და ყურადღების მოდუნების უფლება არ აქვს, მაგრამ კონკურენტებთან შედარებით მაინც უკეთეს სიტუაციაშია.

“მილანი” ისევ იგებს და ისევ დრამატულად. ჯაკან ჩალჰანოღლუმ კი სწრაფადვე დააწინაურა თავისიანები, მაგრამ “კიევომ” პირველივე ტაიმში, ორწუთიანი შუალედით ორჯერ დაამწუხრეს მასპინძლები. მეორე ტაიმის სტარტზე უკვე პატრიკ კუტრონემ გაათანაბრა, ხოლო საბოლოო სიტყვა ანდრე სილვამ თქვა. ფეხბურთელი, რომელიც აქამდე მხოლოდ კრიტიკის ქვეშ იყო და ფეხბურთელი, რომელმაც გასულ ტურში “როსონერის” სამი ქულა ბოლო წამზე მოუტანა. პორტუგალიელმა ამჯერადაც გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა, 82-ე წუთზე. “მილანი” ძალიან ახლოსაა ოთხეულთან და მომდევნო მატჩებში ფეხის დაცდენის უფლება არ აქვს. შემდეგი ორი შეხვედრა კი, “მილანს” მართლაც რთული აქვს – “იუვენტუსთან” და “ინტერთან” მიყოლებით.

დიდი ბრძოლაა გამართული მეშვიდე ადგილისთვისაც, რომელიც ევროპა ლიგის საგზურის მომტანია. “ატალანტამ” კარგად ისარგებლა “სამპდორიას” ფიასკოთი და ქულებით გაუთანაბრდა. ბერგამოელებმა გასავარდნ ზონაში მყოფი “ვერონა” მისსავე მოედანზე გააცამტვერეს (5:0). საუკეთესო იოსიპ ილიჩიჩი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი გაიფორმა. მოიგო ფლორენციის “ფიორენტინამაც” – “იები” ტურინიდან დაბრუნდენ შინ სამი ქულით, სადაც “ტორინო” ბოლო წუთზე სირილ ტეროს გოლით დაამარცხეს. “სამპდორია”, “ატალანტა”, “ფიორენტინა” – სამეულს სამი ქულა გამოყოფთ და შესაბამისად, დარჩენილ ტურებში ერთმანეთს არაფერს დაუთმობენ.

მწვავე სიტუაციაა გასავარდნ ზონაშიც. “ბენევენტოს” გარდა, 5-6 გუნდი თითქმის ერთ დონეზეა. “ბენევენტომ” ამჯერზე შინ “კალიარისთან” წააგო (1:2), არადა, 90-ე წუთამდე იგებდა და მერე გაუშვა ორი გოლი. სარდინიელებმა გამარჯვება მეტად ემოციურად აღნიშნეს და რა გასაკვირია, უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მიითვალეს, თორემ ახლა მძიმე სიტუაციაში იქნებდნენ.

ასე რომ, სერია A-ში ძალიან ცხელი ვითარებაა და ეჭვგარეშეა სეზონის ფინიშამდე ასე იქნება. თანაც, კალჩო ხომ ერთადერთი ტოპ ჩემპიონატია, სადაც საჩემპიონო ინტრიგა ჯერ კიდევაა...

“სამპდორია” – “ინტერი” 0:5 (0:4)

გოლები: 0:1 პერიშიჩი (26), 0:2 იკარდი (30, პენ), 0:3 იკარდი (31), 0:4 იკარდი (44), 0:5 იკარდი (51)

“მილანი” – “კიევო” 3:2 (1:2)

გოლები: 1:0 ჩალჰანოღლუ (10), 1:1 სტეპინსკი (33), 1:2 ინგლეზე (34), 2:2 კუტრონე (52), 3:2 ანდრე სილვა (82)

“ბენევენტო” – “კალიარი” 1:2 (0:0)

გოლები: 1:0 ბრინიოლა (46), 1:1 პავოლეტი (90), 1:2 ბარელა (90, პენ)

“კროტონე” – “რომა” 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ელ შაარავი (39), 0:2 ნაინგოლანი (75)

“ვერონა” – “ატალანტა” 0:5 (0:2)

გოლები: 0:1 კრისტანტე (2), 0:2 ილიჩიჩი (45, პენ), 0:3 ილიჩიჩი (48), 0:4 ილიჩიჩი (59), 0:5 გომესი (71)

“ტორინო” – “ფიორენტინა” 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 ვერეტუ (59), 1:1 ბელოტი (86), 1:2 ტერო (90, პენ)

“ლაციო” – “ბოლონია” 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ვერდი (3), 1:1 ლუკას ლეივა (16)

“ნაპოლი” – “ჯენოა” 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ალბიოლი (72)

თეგებისერია A
0.558731