24-ე ტური მიმდინარე სუპერლიგის ყველაზე დაძაბული და მოულოდნელი გამოდგა. “ქუთაისისა” და “რუსთავის” შემდეგ, მარცხი განიცადა ჩემპიონატის ლიდერთა ტრიოს მესამე წარმომადგენელმა “დინამომ”. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი გუნდი ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე მყოფ მარნეულის “დელტასთან” დამარცხდა, რომელთანაც წინა წრის შეხვედრა ოვერტაიმში ჰქონდა წაგებული.
მარნეულელთა გამარჯვება ამ გუნდის წევრებისთვის ორმაგად სასიხარულოა, რადგან მეორე პერიოდში მოედნიდან გააძევეს “დელტას” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ფაცაცია, რომელმაც მსაჯების გადაწყვეტილება გააპროტესტა და საბოლოოდ დისკვალიფიკაცია დაიმსახურა. ამ მომენტისთვის “დინამო” ისედაც იგებდა და ერთ-ერთი ლიდერის გარეშე დარჩენილი ცხრილის აუტსაიდერის დამარცხება მოქმედ ჩემპიონს წესით არ უნდა გასჭირვებოდა. პირიქით კი მოხდა. მართალია, დინამოელებმა პერიოდი მოიგეს და დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი ლიდერობით (46:38) გავიდნენ, მაგრამ მესამე მეოთხედში მათ წინაშე სულ სხვანაირად მომართული, შეკრულ-შეთამაშებული “მარნეული” წარსდგა.
თემურ კანკიას გაწვრთნილმა ქვემოქართლელებმა ისეთი თამაში წამოიწყეს, რაც სტრატეგიულად აწყობდათ. ბურთს ნიკოლას ნილი ათამაშებდა, რომელიც თუ ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ თანაგუნდელს ვერ იპოვიდა, თავად უტევდა და უმეტესად – წარმატებით. საბოლოოდ ნილი 27 ქულით მატჩის ბომბარდირი და მარნეულელთა გმირი გახდა. სწორედ მან ჩააგდო გამარჯვების ქულები საჯარიმოს ხაზიდან, როცა საფინალო სირენამდე 20 წამით ადრე “დელტა” 77:75 დააწინაურა. დინამოელებმა ბოლო შეტევა ბოლომდე გაათამაშეს და გადამწყვეტი სროლა პერიმეტრსმიღმიდან ლაველ ბოიდმა ითავა, რომელიც უზუსტო გამოდგა და მარნეულელთა სიხარულის დროც დადგა.
27 ქულით ნიკოლას ნილი მატჩის საუკეთესო გახდა. მას გვერდში მთელი “დელტა” ედგა, რომელთაგან 14 ქულით საბა ლობჯანიძე, ხოლო 12 ქულით დეანდრე რეი გამოირჩნენ. “დინამოში” 23 ქულით საუკეთესო იყო ლაველ ბოიდი. 13 ქულა და 11 მოხსნა კაელ ტურპინმა მოაგროვა. ორმაგი დუბლი მიითვალა ილია ლონდარიძემაც – 10 ქულა, 12 მოხსნა.
სუპერლიგის მომდევნო ტურის მატჩები 23 მარტს ქუთაისში, 24-ში თბილისში და 25 მარტს ბათუმში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
თემურ კანკია – “მარნეულის” მთავარი მწვრთნელი:
“წამყვანი მოთამაშის გარეშე დავრჩით მეორე პერიოდში, მაგრამ ემოციურმა ფონმა მოგვცა ძალა და საშუალება, რომ გვეთამაშა პირველ ტაიმში, ხოლო მეორეში ბიჭებმა სული და გული ჩადეს თამაშში. იბრძოლეს ბოლომდე და ის, რაც დაგეგმილი გვქონდა ვარჯიშებზე, მოედანზე წარმატებით გადაიტანეს. შედეგად გამოვიდა ასეთი სასიხარულო გამარჯვება, რასაც ვულოცავ “დელტას” თითოეულ გულშემატკივარს”.
ირაკლი ხოშტარია – “დინამოს” მთავარი მწვრთნელი:
“პირველ რიგში მივულოცავ “მარნეულს” გამარჯვებას. ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა გვაქვს გუნდში, როგორც შეტევაში, ისე – თავდასხმაში. ვმუშაობთ ამ ხარვეზების გამოსასწორებლად და ვიმედოვნებთ, რომ პლეი ოფისთვის სათანადო ფორმაში შევალთ”.
დინამო – მარნეულისტატისტიკა: 75:77
gbf.ge