იტალიური “მილანი” ჯენარო გატუზოს ნდობას უცხადებს და ახალ კონტრაქტს გაუფორმებს. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, რინო “როსონერის” 2020 წლს 30 ივნისამდე გაწვრთნის.
აღნიშნული ინფორმაცია "მილანის" სპორტულმა დირექტორმა მასიმილიანო მირაბელიმაც დაადასტურა:
“რინოში ეჭვი არ გვეპარება, ის ჩვენთან წლების განმავლობაში დარჩება. უახლოს დღეებში ერთმანეთს შეხვდებით და ყველაფერი გადაწყდება”, - განაცხადა მირაბელიმ.
ჯენარო გატუზომ “მილანი” გასული წლის ნოემბერში ჩაიბარა და ბოლო დროს გუნდი წარმატებით თამაშობს. აღსანიშნავია, რომ იტალიელ სპეციალისტს ამჟამად იგივე გასამრჯელო აქვს, რასაც ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელობისას გამოიმუშავებდა (სეზონში 120 ათასი ევრო). ახალი ხელშეკრულების თანახმად კი, გატუზო სეზონში 2 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსების დაემატება.
“მილანი” იტალიის თასის ფინალში გავიდა, პარალელურად კი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.