ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე მიიჩნევს, რომ მისი გუნდის მარცხი “ბარსელონასთან” მხოლოდ და მხოლოდ ლიონელ მესიმ განაპირობა. იტალიელის აზრით, სწორედ არგენტინელი იყო ესპანურ და ინგლისურ გუნდს შორის სხვაობა.
“დღეს სხვაობა იყო მესი. ის საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში. თუმცა, ჩვენ ცოტა არ გაგვიმართლა, რადგან სახიფათოდ ვუტევდით, ორჯერ ძელმა შეგვიშალა ხელი, ხოლო მეტოქემ სამი გააზრებული შეტევიდან ყველა გოლად აქცია.
ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ ვიმეორებ, განსახვავება მესია. მას ყოველ სეზონში 60 გოლი გააქვს. მესი არაა მხოლოდ ტოპმოთამაშე, არამედ სუპერ ტოპმოთამაშეა. მან სიტუაცია “ბარსელონას” სასარგებლოდ შეცვალა.
არაფერს ვნანობ. ასეთი ანგარიშით მარცხს არ ვიმსახურებდით, ალონსოზე ერთ ეპიზოდში მკაფიო პენალტი იყო, მაგრამ ახლა წინ უნდა გავიხედოთ და კვირას, “ლესტერთან” მატჩზე ვიფიქროთ”, - განაცხადა კონტემ.
შეგახსენებთ, “ჩელსი” “ბარსელონასთან” ორი მატჩის ჯამში (1:4) დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.