ტურინის “იუვენტუსმა” იტალიის ჩემპიონობისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. “იუვე” ჯერ კიდევ გასულ უიქ-ენდზე გალიდერდა, მაგრამ ახლა, 26-ე ტურის გამოტოვებული მატჩი ჩაატარა, მოიგო და “ნაპოლისთან” უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა.
ეს კი, საკმაოდ სერიოზული ფორაა იმის გათვალისწინებით, რომ საქმე “იუვენტუსს” ეხება. და, თანაც, ახლა ნეაპოლიტანელთა ფსიქოლოგიური მდგომარეობაც ვერ იქნება მაინც და მაინც მყარი. თუმცა, ახლა რა იქნება მომავალში, ამაზე მსჯელობა წყლის ნაყვას ჰგავს. წინ 10 ტურია დარჩენილი და გამოჩნდება, შეძლებს თუ არა, “ნაპოლი” თამაშში დარჩენას.
იქამდე კი, “იუვემ” მორიგი ჩინებული მატჩი ჩაატარა და “ატალანტას” ისე მოუგო, მეტოქეს კარშიც არ დაარტყმევინა. ასეთი რამ კი, სხვათა შორის, ბერგამოელებს მიმდინარე სეზონში პირველად დაემართათ.
მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ორი გოლი გაიტანა და კიდევ ბევრჯერ მართებდა მეტოქის დამწუხრება. პირველ ტაიმში დუგლას კოშტას გარღვევა და ჩინებული პასი გონსალო იგუაინმა დააფასა, ხოლო მატჩის მიწურულს, უკვე ბლეზ მატუიდიმ იხეირა და წერტილი დაუსვა შეხვედრას.
“იუვენტუსს” 74 ქულა აქვს, “ნაპოლის” – 70. წინ კიდევ 10 ტურია და მათ შორის, უშუალოდ დაპირისპირებაც წინ გველის. 22 აპრილს სკუდეტოს მაძიებლები ტურინში წარსდგებიან ერთმანეთის პირისპირ.
“იუვენტუსი” – “ატალანტა” 2:0 (1:0) VIDEO
ტურინი, “ალიანც სთედიუმი”
მაყურებელი: 30 000
“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; ლიხშტაინერი (დე შილიო 50), ბენატია, კიელინი, ასამოა; პიანიჩი, მატუიდი; დუგლას კოშტა (ბარძალი 78), დიბალა, მანჯუკიჩი (ალექს სანდრო 62); იგუაინი
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
“ატალანტა” (3-4-1-2): ბერიშა; ტოლოი, მანჩინი, პალომინო; ჰატებური (კორნელიუსი 70), დე რუნი, ჰაასი (სპინაცოლა 57), გოსენსი (პეტანია 65); კრისტანტე; ილიჩიჩი, გომესი
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
გოლები: 1:0 იგუაინი (29), 2:0 მატუიდი (81)
გაფრთხილება: ალექს სანდრო (72), ბენატია (82), ასამოა (90) – ჰატებური (47), კრისტანტე (61), მანჩინი (78, 79), დე რუნი (82)
გაძევება: მანჩინი (79)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (7) – 6 (0) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 3:8 თამაშგარე: 2:2
მსაჯი: მაურიციო მარიანი