ფეხბურთი

16:39 | 14.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალიდან "ოლდ ტრაფორდზე" შესრულებულ დუბლამდე...

“სევილიას” დღეს ერთი გმირი ჰყავს და ეს არაა ვინჩენცო მონტელა. ესპანური გამოცემების პირველი გვერდები აჭრელებულია ვისამ ბენ იედერის ფოტოებით, რომელმაც “მანჩესტერთან” ორი გოლი გაიტანა და ანდალუზიური გუნდის გამარჯვების მთავარი შემოქმედია.

“ოლდ ტრაფორდზე” მან დუბლი შეასრულა და ჯგუფურ ეტაპზე გატანილ 6 გოლსა და მანამდე, საკვალიფიკაციო ეტაპზე გატანილ 2 გოლსაც თუ დავუმატებთ, გამოდის, რომ ლიგაზე უკვე 10 გოლი აქვს გატანილი. ამ მხრივ, მასზე წინ მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუა.

ვინაა ვისამ ბენ იედერი? – რამდენიმე წლის წინ, ფრანგი დიდ ფეხბურთს საერთოდ არ თამაშობდა და მისი მთავარი გატაცება ფუტსალი გახლდათ. 2010 წელს, საფრანგეთის ფუტსალის ნაკრებში 2 მატჩიც ჩაატარა (1 გოლი). სწორედ ამ დროს, ვისამს “ტულუზა” დაუკავშირდა და კონტრაქტი შესთავაზა. ბენ იედერმა კი, საყვარელი თამაში მიატოვა და დიდ ფეხბურთში გადაინაცვლა. “ტულუზა 2”-დან მალე მთავარ გუნდშიც დააწინაურეს. საბოლოოდ, ლიგა 1-ში გატარებულ 4 სეზონში 63 გოლი გაიტანა და 2016 წელს “სევილიამ” 9 მილიონ ევროდ შეიძინა.

დღეს, ვისამ ბენ იედერი “დალაქების” ისტორიაში ოქროს ასოებით სამუდამოდ ჩაეწერა. გარდა ამისა, როგორი საქმეა “ოლდ ტრაფორდზე” დუბლის შესრულება მეტოქის რანგში?! საერთოდაც, ბენ იედერი პირველია, რომელმაც “ოცნების თეატრში” შეცვლაზე შესულმა “იუნაიტედს” ორი გოლი გაუტანა. ეს ყველაფერი კი, ფრანგმა მოედანზე შესვლიდან 6 წუთში გააკეთა.

ბენ იედერი არ შემცდარა 8 წლის წინ, როდესაც ფუტსალს ფეხბურთი ამჯობინა...

0.118327