ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ზაზა ფაჩულიამ. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი “მინესოტა ტიმბერვულვზთან” თავისი გუნდის რიგებში ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ზაზა სასტარტო ხუთეულში არ იმყოფებოდა, მიმდინარე სეზონის გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. თავად განსაჯეთ, ფაჩულიამ პარკეტზე 25:27 წუთი გაატარა და ამ დროში ორმაგი დუბლი გაიფორმა: 16 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება (VIDEO).
ქართველმა ცენტრმა 9-დან 7 ორქულიანი (77.8%) და 3-დან 2 საჯარიმო (66.7%) ჩააგდო, ხოლო ბურთი მეტოქის ფარზე ოთხჯერ მოხსნა.
“გოლდენ სტეიტის” რიგებში ორმაგი დუბლი ზაზასთან ერთად მხოლოდ კევინ დურანტმა შეასრულა, რომელიც საუკეთესო იყო – 39 ქულა, 12 მოხსნა, 4 პასი, 3 დაფარება. აი, რაც შეეხება შედეგიანობას, ზაზა კევინის გარდა, მხოლოდ კლეი ტომპსონს ჩამორჩა (21 ქულა).
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “მინესოტამ” მოიგო – 109:103. მასპინძელთა რიგებში გამორჩეული გახლდათ კარლ-ენტონი თაუნსი (31 ქულა) და ენდრიუ ვიგინსი (23 ქულა). სწორედ ზემოხსენებულ 4 კალათბურთელს (დურანტი, თაუნსი, ვიგინსი, ტომპსონი) ჩამორჩა ზაზა ქულების რაოდენობით. აქვე ისიც ვთქვათ, რომ “მეომრებს” ლიდერი, სტეფ კარი ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდათ.
ეს “გოლდენ სტეიტის” ზედიზედ მეორე მარცხია და დასავლეთ კონფერენციაში ისევ მეორე ადგილზე იმყოფება 67 თამაშში 51 მოგებითა და 16 წაგებით. “უორიორზი” მომდევნო მატჩს 15 მარტს, შინ “ლეიკერსთან” ჩაატარებს.