ლა ლიგის 28-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა და ოთხივე სტუმარი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. გათამაშების ლიდერი “ბარსელონა” “ლა როსალედაზე” მაჩანჩალას “მალაგას” ეწვია და 3 ქულა უპრობლემოდ წამოიღო.
“ბლაუგრანას” ლა ლიგაში უკანასკნელად 2017 წლის 8 აპრილს აქვს წაგებული და სწორედ “მალაგასთან”, თუმცა მას შემდგომ ანდალუსიური კლუბი ძალიან დასუსტდა და თუ სასწაული არ მოხდა, მომდევნო სეზონში თამაში ქვედა დივიზიონში მოუწევს.
ერნესტო ვალვერდეს გუნდმა შეხვედრის ბედი საწყის 30 წუთში გადაწყვიტა: ანგარიში მე-15 წუთზე ლუის სუარესმა გახსნა, რომელიც ხორდი ალბას ჩამოწოდებულს გამოეხმაურა და თავური დარტყმით შეაგდო, ხოლო 28-ე წუთზე ფელიპე კოუტინიომ ქუსლით ულამაზესი გოლი გაიტანა. ორიოდე წუთში სამუელ გარსიამ ხორდი ალბას წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა და წითელი ბარათი გადაწყვიტა, რამაც შეხვედრას ყველანაირი ინტრიგა მოუკლა. “ბარსამ” კი მეორე ნახევაში მეტოქე აშკარად დაინდო და მეტი ბურთი აღარ გასულა – 0:2.
“რეალი” “იპარუაზე” “ეიბარს” დაუპირისპირდა და 3 ქულის აღება ძალიან გაუჭირდა. “ბლანკოსმა” ტაიმი კრიშტიანო რონალდუს გოლით მოიგო, რომელიც 34-ე წუთზე ლუკა მოდრიჩის ბრწყინვალე გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩა და სათანადოდ შესრულება არ გასჭირვებია. მასპინძლებმა ტაიმი კარგად დაიწყეს და ივან რამისმა 50-ე წუთზე თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. მადრიდულ გრანდს რონალდუმ მოაგებინა, რომელიც 84-ე წუთზე დანი კარვახალის ჩამოწოდებულს გამოეხმაურა და ახლო მანძილიდან თავით შეაგდო – 1:2. პორტუგალიელს უკანასკნელ 8 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი.
ტურის ცენტრალური შეხვედრა “სანჩეს პისხუანზე” შედგა. “სევილია” პრინციპულ მეტოქეს “ვალენსიას” დაუხვდა და 2004 წლის შემდგომ, “ღამურებთან” საკუთარ მოედანზე პირველად დამარცხდა. ამ გამარჯვებით “ლოს ჩემ” ფაქტობრივად ჩემპიონთა ლიგის საგზური გაიფორმა, რადგან “სევილიას” უკვე 11 ქულით გაუსწრო. ორივე გოლი როდრიგო მორენომ გაიტანა და ორივე ჟოფრი კონდოგბიას დიდებულ პასებს მოჰყვა, რომელმაც ბრაზილიური ფესვების მქონე შემტევი მეკარესთან პირისპირ დატოვა და მანაც ფრანგ თანაგუნდელს კარგი გარჯა არ დაუკარგა – 0:2.
უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა “ლევანტემ”, რომელმაც გასვლაზე კოკეს გოლით “ხეტაფეს” მოუგო და გასავარდნ ზონას 4 ქულით გაუსწრო.
ხეტაფე – ლევანტე 0:1 (0:0)
გოლი: კოკე (79)
ეიბარი – რეალი 1:2 (0:1)
გოლები: 0:1, 1:2 რონალდუ (34; 84), 1:1 რამისი (50)
მალაგა – ბარსელონა 0:2 (0:2)
გოლები: 0:1 ლ.სუარესი (15), 0:2 კოუტინიო (28)
გაძევება: ს.გარსია (30 მ.)
სევილია – ვალენსია 0:2 (0:1)
გოლები: როდრიგო (25; 68)