სხვა

17:16 | 6.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

სოკ-ის ექსპერტები ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში

დღეს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართა სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის შეხვედრა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტებთან - პამელა ვაიპონდთან და ჟილბერ ფელისთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცეპრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცეპრეზიდენტები - ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი, საქართველოს სათხილამურო სპორტის ფედერაციის ვიცე- პრეზიდენტი პატრიკ ლანგი.

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახს შორის 22 იანვარს ლოზანაში შეხვედრის შემდეგ სოკ-მა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში გამოგზავნოს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც შეისწავლის საქართველოს მთის კურორტებს, მათ პოტენციალს და განსაზღვრავს, თუ რა სამუშაოების ჩატარება და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნება საჭირო იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ზამთრის სახეობებში უმასპინძლოს მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებს.

ლერი ხაბელოვმა გაიხსენა ჟენევაში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრა და აღნიშნა, რომ სოკ-ის ექსპერტების საქართველოში სტუმრობა თვენახევრის წინ მიღებული გადაწყვეტილების პირველი გამოძახილია.

„მოხარულნი ვართ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მისიით იმყოფებით საქართველოში. ჩვენი ქვეყანა დაინტერესებულია ზამთრის სპორტის განვითარებით, საქართველოს მთავრობას მასშტაბური, შეიძლება ითქვას, ამბიციური გეგმები აქვს და იმედია, ერთიანი ძალისხმევით ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწევთ საბოლოო მიზანს. რა თქმა უნდა, ოლიმპიური კომიტეტი მიესალმება პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას და მზად არის აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში. თქვენი, როგორც ამ საქმის ექსპერტების გამოცდილება და რეკომენდაციები დაგვეხმარება იმაში, რომ განვსაზღვროთ პრიორიტეტები, გამოვკვეთოთ პრობლემური საკითხები და შევიმუშაოთ მოქმედების გრძელვადიანი გეგმა. საქართველოს მართლაც აქვს იმის პოტენციალი, რომ ზამთრის სპორტშიც წარმატებული ქვეყანა გახდეს და შეძლოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრებების მასპინძლობა,"- განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

სტუმრებმა კმაყოფილება გამოხატეს საქართველოში სტუმრობის გამო და იმედი გამოთქვეს, რომ მათი ექსპერტული მოსაზრებები და რჩევები სასარგებლო იქნება ჩვენს ქვეყანაში ზამთრის სპორტის განვითარებისთვის.

geonoc.org.ge

0.112443