ფლორენციის “ფიორენტინას” ნახევარმცველი რიკარდო საპონარა თანაგუნდელ დავიდე ასტორის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ემოციური წერილით გამოეხმაურა.
იტალიელმა ფეხბურთელმა მეგობარს ასეთი წერილით მიმართა:
“ო კაპიტანო, ჩემო კაპიტანო. რატომ არ ჩამოდიხარ ჩვენთან საუზმეზე? რატომ არ შეხვედი მარკოს ოთახში ბუცების გამოსატანად და რატომ არ დალიე ფორთოხლის წვენი, როგორც ჩვეულებრივ? ახლა გვეუბნებიან, რომ სიცოცხლე გრძელდება, წინ უნდა ვიაროთ და არ უნდა დავეცეთ, მაგრამ შენს გარეშე ამ ყველაფერს რა გემო ექნება?
ვინ მოვა ყოველ დილით კაფეტერიაში და გაგვათბობს თავისი ღიმილით. ვინ მოყვება წუხანდელი წვეულების ამბებს და შემდეგ გულიანად ვიცინებთ ამაზე? ვინ გაამხნევებს ახალგაზრდებს და ვინ დააფასებს ვეტერანებს? ვინ გვასწავლის როგორ ვითამაშოთ ორი შეხებით ან ვინ გაანადგურებს მარკოს ფლეისთეიშენში?
ვისთან ვიკამათებთ საუზმეზე ან ვარჯიშის შემდეგ? დაბრუნდი ჩვენთან, ჯერ კიდევ სანახავი გაქვს LaLaLand, რომ გაუკეთო ანალიზი, როგორც ყველა იმ ფილმს, რომელსაც უყურებდი.
დაბრუნდი ფლორენციაში, კონტრაქტი უნდა გაგეხანგრძლივებინა და ყოველდღე მოგვეცი დადებითი ენერგია. გამოდი წყეული ოთახიდან ხვალ ვარჯიშზე გელოდებით. ცხოვრებაში არიან ადამიანები, რომელთაც დიდი ხანია იცნობ და კავშირი არასდროს გქონია. შემდეგ არის დავიდე, რომელიც გეგებება და გეუბნება – კეთილი იყოს ფლორენციაში შენი მოსვლა რიკი!
იქ, სადაც ახლა ხარ, დაიცავი ჩვენი კარი და გაუძეხი სწორ გზას. ო კაპიტანო, მუდამ ჩემო კაპიტანო”, - დაწერა ინსტაგრამზე საპონარამ.
შეგახსენებთ, დავიდე ასტორი უდინეში სასტუმროს ნომერში გარდაიცვალა. 4 მარტს, “ფიორენტინას” “უდინეზესთან” უნდა ეთამაშა.