ფლორენციის “ფიორენტინას” კაპიტნისა და იტალიის ნაკრების ფეხბურთელის დავიდე ასტორის გარდაცვალებას საფეხბურთო სამყარო განიცდის. ვინ იყო დავიდე ასტორი?...
აწ გარდაცვლილი ბერგამოს პროვინციაში, სან გლოვანიში დაიბადა 1987 წლის 7 იანვარს. ფეხბურთის თამაში მან “პონტე სან პიეტროში” დაიწყო, თუმცა 2001 წელს “მილანის” აკადემიას მიაკითხა და 2006 წლამდე ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, თუმცა მთავარ გუნდში დებიუტი არასდროს ჰქონია. “როსონერიმ” ახალგაზრდა ფეხბურთელი იჯარით ჯერ “პიციგეტონეში”, ხოლო მერე სერია C-ს ბინადარ “კრემონეზეში” გაუშვა.
2008 წელს, დავიდე “კალიარიში” აღმოჩნდა და სერია A-შიც პირველად ითამაშა. ასტორი სარდინიულ გუნდში 6 წელი დარჩა და კლუბის სიმბოლოც გახდა. იტალიის მთავარ საფეხბურთო ლიგაში პირველი გოლი სწორედ იმ “ფიორენტინას” გაუტანა, რომლის კაპიტნის რანგშიც მისი სიცოცხლე დასრულდა. 2012 წელს კი, იტალიელმა მცველმა მოსკოვის “სპარტაკში” გადასვლაზე უარი განაცხადა:
“მადლობა “სპარტაკს” ინტერესისთვის, მაგრამ ვრჩები იტალიაში, “კალიარიში” და მსურს ჩემი კარიერა “როსობლუს” დავუთმო”, - ამბობდა ის.
დავიდეს სარდინიის დატოვება მაინც მოუხდა და 2014 წლის ზაფხულში “რომას” ფეხბურთელი გახდა. “კალიარი” მან სიმბოლოს, დროშის რანგში დატოვა და სარდინიელი ქომაგების გულში სამუდამოდ ჩაეწერა.“ჯალორისის” რიგებში კი ითამაშა კარიერაში პირველად უეფას ჩემპიონთა ლიგაზე. ეს მოსკოვის ცსკა-სთან (5:1) მოგებულ მატჩში მოხდა. საბოლოოდ, ასტორის რომაული კარიერა სიცოცხლესავით ხანმოკლე გამოდგა, მხოლოდ 1 წელი, 29 მატჩი და 1 გოლი დაიტია. ბედის ირონიით, ეს ერთადერთი გოლი იმ ქალაქში გაიტანა, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი წუთები გაატარა: 2015 წლის 6 იანვარს, უდინეში, “ფრიულის” სტადიონზე.
2015 წლის 4 აგვისტოს, დავიდე ასტორი ფლორენციის “ფიორენტინაში” გადავიდა. “არტემიო ფრანკიზე” არგენტინელ გონსალო როდრიგესთან ერთად საკმაოდ ძლიერი დაცვის წყვილი შექმნა. ხოლო, როდრიგესის გუნდიდან წასვლის შემდეგ, კაპიტნის სამკლავური მისგან გადაიბარა. “იების” მაისურით ასტორიმ სადებიუტო მატჩი “მილანთან” ჩაატარა, ხოლო პირველი გოლი 2016 წელს, “კროტონეს” კარში გაიტანა.
დავიდე ასტორი იტალიის ნაკრების წევრიც იყო. იტალიის 18 წლამდე ნაკრებში თამაშის შემდეგ, “სკუადრა აძურაში” პირველად 2010 წლის 6 აგვისტოს, კოტ დივუარის წინააღმდეგ სათამაშოდ დაუძახეს და ეს ჩეზარე პრანდელიმ გააკეთა. დებიუტი კი ცოტა გადაიდო: დავიდემ პირველი სანაკრებო კეპი 2011 წლის 29 მარტს, უკრაინასთან (2:0) მიითვალა 24 წლის ასაკში. ახლოს იყო ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე 23 კაციან სიაში მოხვედრასთან. პრანდელიმ ასტორი 24-ე ფეხბურთელად მიიწვია (თუ ვინმე ტრავმას მიიღებდა, სწორედ ასტორი ჩაანაცვლებდა), თუმცა, საბოლოოდ შეკრების დატოვება და ევრო 2012-ის ტელევიზორიდან ყურება მოუწია.
სამაგიეროდ, ერთი წლის თავზე, 2013 წელს ნაკრებთან ერთად იყო ბრაზილიაში, კონფედერაციათა თასზე და სწორედ ამ ტურნირზე გაიტანა პირველი და უკანასკნელი სანაკრებო გოლი. ეს ურუგვაისთან მესამე ადგილისთვის მატჩში მოხდა, როდესაც ახლო მანძილიდან შეძლო სამხრეთამერიკელთა კარის აღება. იტალიის ნაკრებში დავიდესთვის ბოლო შეხვედრა 2017 წლის 5 სექტემბრით დათარიღდა (ისრაელთან 1:0). ჯამში კი, “სკუადრა აძურას” ღირსება 14-ჯერ დაიცვა და ერთი გოლი გაიტანა.
რაც შეეხება სერია A-ს, ასტორიმ ზუსტად ერთი კვირის წინ, ვერონას “კიევოსთან” ითამაშა და მისდა უნებურად, ეს გედის სიმღერა გამოდგა. უკანასკნელი გოლი კი 2017 წლის 10 სექტემბერს, მეორე ვერონულ გუნდს, “ჰელას ვერონას” სიყვარულის ქალაქში გაუტანა... საბოლოოდ ასტორიმ იტალიის ელიტარულ ლიგაში 289 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
დავიდე ასტორი უკვე ისტორიის კუთვნილებაა. იტალიელი ფეხბურთელის სიცოცხლე 1987 წლის 7 იანვარს დაიწყო და 2018 წლის 4 მარტს დასრულდა. "ფიორენტინას" კაპიტანი უდინეში, "უდინეზესთან" მატჩისთვის ემზადებოდა და სასტუმრო La Di Moret-ის ნომერში გარდაიცვალა. ოფიციალურად დადასტურდა, რომ სიცოცხლის მოსპობა გულის შეტევამ გამოიწვია, ბედის ირონიით კი, დავიდე ერთკაციან ნომერში იმყოფებოდა და განცალკევებით ყოფნა თავადვე ისურვა. ასტორის ჰყავდა მეუღლე ფრანჩესკა ფიორეტი და 2 წლის გოგონა, ვიტორია...