ფეხბურთი

23:48 | 4.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “სიტიმ” “ჩელსი” დაჩაგრა

“მანჩესტერ სიტი” საჩემპიონო ტიტულს კიდევ უფრო მიუახლოვდა. ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებმა პრემიერლიგის 29-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “ჩელსის” სძლიეს და ამ მომენტისთვის “ლივერპულთან” სხვაობა 18 ქულაა, ხოლო “მანჩესტერ იუნაიტედთან”, რომელიც თავის შეხვედრას ორშაბათს გამართავს – 19. ამრიგად, თუ გუნდების სათამაშო ფორმას გავითვალისწინებთ და იმასაც, რომ მე-2 და მე-3 ადგილოსნები მომავალ ტურში ერთმანეთს ეთამაშებიან, თავისუფლად შეიძლება, სულ რაღაც სამ ტურში “ქალაქელებმა” ოფიციალურად გაინაღდონ ჩემპიონობა.

“ეტიჰად სთედიუმზე” გამართულ მატჩში მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით იმარჯვეს, თუმცა ანგარიშმა არ უნდა მოგვატყუოს. “სიტიმ” მეტოქე ყველა სათამაშო კომპონენტში დაჩაგრა და სტუმრებს, რომელთაც ედერსონის კარის მიმართულების ზუსტად არ დაურტყამთ, ძალიან გაუმართლათ, რომ მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვეს.

პირველ ნახევარში მანჩესტერელებს რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ 100%-იანი საგოლე შანსი ლეროი სანეს ეპიზოდზე ითქმის, რომლის ძლიერ დარტყმას სეზარ აზპილიკუეტა გაუმკლავდა და ესპანელმა მცველმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. მეორე ტაიმში მასპინძელთა პირველივე შეტევა გოლით დასრულდა: კრისტიანსენის შეცდომას “ქალაქელთა” სწრაფად გათამაშებული შეტევა მოჰყვა: სერხიო აგუერომ დავიდ სილვას გაატანა ბურთი, რომელმაც გადაცემა კარის გასვრივ გააკეთა და ბერნარდო სილვამ ტიბო კურტუას კარი ახლო მანძილიდან აიღო. სტუმრებს გასათანაბრებლად მთელი ტაიმი ჰქონდათ, მაგრამ ფაქტობრივად ამის შანსი არ ჰქონიათ. ისევ “სიტი” აქტიურობდა და კარგადაც უტევდა, თუმცა მეტი ბურთის გატანა ვეღარ შეძლეს და 1:0 იმარჯვეს.

ჩემპიონთა ლიგის საგზურზე ოცნება დაასრულა “არსენალმა”, რომელმაც უკანასკნელ 5 მატჩში მე-4 წააგო და მე-4 ადგილოსან “ტოტენჰემს” უკვე 13 ქულით ჩამორჩება. “მეთოფეები” გასვლაზე ელიტაში დარჩენისთვის მებრძოლ “ბრაიტონს” დაუპირისპირდნენ და 3 ქულა მასპინძლებს დაუტოვეს, რითაც “თოლიები” გასავარდნ ზონას 7 ქულით მოცილდნენ.

მასპინძლები შეხვედრის დებიუტშივე დაწინაურდნენ: მე-7 წუთზე მოწოდებული კუთხურის შემდეგ, პეტრ ჩეხი გამოსვლაზე შეცდა, რითაც დანკმა ისარგებლა და ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა. 26-ე წუთზე კი გლენ მარიმ თავური დარტყმით სხვაობა გაზარდა. სტუმრებმა ტაიმის ბოლოს ერთი გოლის გატანა შეძლეს: ობამეიანგმა მეტიუ რაიანს ახლოდან გაუტანა. მეორე ნახევარში ლონდონელებს სრული სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ, კარგი მომენტებიც შეექმნათ მაგრამ გოლი ვეღარ გაიტანეს და შეხვედრა 2:1 დასრულდა.

ბრაიტონი – არსენალი 2:1 (2:1)

გოლები: 1:0 დანკი (7), 2:0 მარი (26), 2:1 ობამეიანგი (43)

მანჩესტერ სიტი – ჩელსი 1:0 (0:0)

გოლი: ბ.სილვა (46)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.170609