2018 წლის მექსიკის ღია ტურნირის გამარჯვებული არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო გახდა. ფინალში სამხრეთამერიკელმა სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი 6:4, 6:4 დაამარცხა და მიმდინარე წელს პირველი ტურნირი მოიგო. კევინისთვის ხუანთან დაპირისპირება დღემდე წარუმატებლად გრძელდება და ურთიერთშეხვედრებში დელ პოტრო 7:0 იგებს.
ანდერსონმა 2018 წელს ოთხ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და მესამედ გავიდა ფინალში. არგენტინელმა კი გადამწყვეტი მატჩი მეორედ ითამაშა და ამჯერად გაიმარჯვა. დელ პოტრომ 500 სარეიტინგო ქულა მიიღო და რეიტინგში ანდერსონს დააქვეითა, შესაბამისად არგენტინელი ორშაბათს რეიტინგში მერვე ადგილზე იქნება, ხოლო სამხრეთაფრიკელი მეცხრეზე. გასული წლის მარტში სამხრეთამერიკელი 35-ე პოზიციაზე იყო, კარიერის საუკეთესო შედეგი კი მეოთხე ადგილია.
დელ პოტრომ ბაზელში 2013 წელს მოგებული ტურნირის შემდეგ, პირველად გაიმარჯვა მაღალი დონის ჩემპიონატში. კარიერაში კი არგენტინელმა 21-ე ტიტული მოიპოვა.