ლა ლიგის 27-ე ტურის მატჩში “რეალი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” თანარეგიონელ “ხეტაფეს” დაუხვდა და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა.
დუბლი გაიფორმა კრიშტიანო რონალდუმ, რომლისთვისაც ეს გოლები მე-300 და 301-ე გამოდგა ლა ლიგაში. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ტრავმირებული ვისენტე გუაიტას ნაცვლად მოთამაშე დამიან მარტინესი 45-ე და 78-ე წუთებზე დაამწუხრა: ტაიმის მიწურულს ორი მეტოქე ჩამოიშორა და შორეულ კუთხეში გაუტანა, ხოლო მეორე გოლზე არგენტინელ კიპერს გამოსვლაზე დაასწრო და თავით შეაგდო. იქამდე კი, სხვა მნიშვნელოვანი ფაქტებიც მოხდა: 24-ე წუთზე გარეთ ბეილმა ძლიერი დარტყმით დააწინაურა “რეალი”. მეორე ნახევრის დაწყებისთანავე კი, ნაჩოზე სახეში ჩარტყმისთვის ლოიკ რემიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. რიცხრობრივი უმცირესობის მიუხედავად, “ხეტაფემ” გაიბრძოლა და 64-ე წუთზე ხორხე მოლინამ პენალტი მოიპოვა, რომელიც პორტილიომ აქცია გოლად. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რონალდუმ 78-ე წუთზე დუბლი შეასრულა და მატჩის ბედი გადაწყვიტა – 3:1.
არ ჩერდება “ხირონა”. ლა ლიგის დებიუტანტმა ამჯერად გასვლაზე “ვილიარეალი” დაამარცხა და ვალენსიურ კლუბს, ანუ ევროთასების ზონას ერთი ქულითღა ჩამორჩება. კატალონიელებმა ტაიმი კრისტიან სტუანის ზუსტი თავურით მოიგეს, ხოლო შეხვედრის მიწურულს სტუმართა კონტრშეტევა ენტონი ლოზანამ დაასრულა ძალიან ლამაზი დარტყმით – 0:2.
“სევილია” შინ “ბილბაოს” დაუხვდა და დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა, რითაც მე-4 ადგილოსან “ვალენსიასთან” სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა. ანდალუსიელებმა ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყვიტეს: 27-ე წუთზე ლუის მურიელმა კეპა არიზაბალაგას მახვილი კუთხიდან გაუტანა, ხოლო ხუთ წუთში ფრანკო ვაზკესის თავური გამოდგა ზუსტი – 2:0.
“ლეგანესმა” ბოლო ადგილოსან “მალაგას” უმასპინძლა და ორი უპასუხო გოლი გაუტანა, ხოლო “დეპორტივოს” და “ეიბარის” დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.
ვილიარეალი – ხირონა 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 სტუანი (16), 0:2 ლოზანა (80)
სევილია – ბილბაო 2:0 (2:0)
გოლები: 1:0 მურიელი (27), 2:0 ფ.ვაზკესი (32)
დეპორტივო – ეიბარი 1:1 (1:1)
გოლები: 0:1 ინუი (11), 1:1 ანდონე (33)
გაძევება: კოვალი (39 დ.)
ლეგანესი – მალაგა 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 ერასო (55), 2:0 ამრაბატი (62)
რეალი – ხეტაფე 3:1 (2:0)
გოლები: 1:0 ბეილი (24), 2:0, 3:1 რონალდუ (45; 78), 2:1 პორტილიო (65 პენ.)
გაძევება: რემი (47)