დაიწყო რიგოთ 30-ე ეროვნული ჩემპიონატი. პირველ ტურში გორის “დილამ” ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ ქუთაისის “ტორპედოს” სტუმრად სძლია – 3:2. ცოტა არ იყოს, მოულოდნელი შედეგია და კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ წლეულსაც არაპროგნოზირებადი სეზონი გველის.
წიქარიძის მშვენიერი პასი, ლევან კუტალია მარცხნიდან შევიდა საჯარიმოში და გრიგოლ დოლიძეს გაუკეთა პასი, რომელმაც დაასრულა კარგი კომბინაცია – 1:0.
ტაიმის ბოლო წუთზე დავით რაჟამაშვილის პასის შემდეგ გაათანაბრა გიორგი ფანცულაიამ. ხოლო მეორე ტაიმის პირველივე წუთზე, იმავე ფანცულაიამ ამჯერად ნოდარ ქავთარაძის გადაცემა გამოიყენა და “დილა” წინ გავიდა – 1:2.
...დოლიძე არ გაჩერდა. ამჯერად მძლავრი დარტყმით (ახლო კუთხეში) დუბლი მიითვალა. 2:2. ისევ ფორმაშია ქუთაისელთა გარემარბი.
ბევრს ეგონა, რომ “ტორპედო” წინ გასვლასაც შესძლებდა, მაგრამ საბოლოოდ გორელებმა იმარჯვეს: 23 წლის ჰოლანდიელმა ალვინ ფორტესმა შორიდან ძლიერად გაისროლა და როინ კვასხვაძე უძლური გახდა - 2:3.
ეროვნული ლიგის წინა სეზონში “ტორპედოს” სამი გოლი არცერთ შეხვედრაში არ გაუშვია. მხოლოდ სლოვაკურ “ტრენჩინთან” დაიჩაგრა, როცა 1:5 და 0:3 წააგო.
ტორპედო (ქუთაისი) – დილა (გორი) 2:3 (1:1)
გოლები: 1:0 დოლიძე (14), 1:1 ფანცულაია (45), 1:2 ფანცულაია (46), 2:2 დოლიძე (54), 2:3 ფორტესი (88)