საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გერმანიასთან (77:87) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბერძენი სპეციალისტის განცხადებით, ამაყობს თავისი კალათბურთელებით.
“პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კალათბურთელებს და ამაყი ვარ. ძალიან რთულია, როდესაც ახალი გუნდით გიწევს თამაში. პირველ სანაკრებო ფანჯრის დროს მარკოიშვილი გვყავდა, მაგრამ ახლა უკვე დაგვკალდა. ავსტრიაში დაგვიბრუნდა ცინცაძე, მაგრამ დღეს ისიც ვერ დაგვეხმარა. გარდა ამისა, არ იყო შერმადინი, შენგელია, ბურჯანაძე, სანაძე. ფაქტობრივად ახალი გუნდით მოგვიწია თამაში. შემდეგ სანაკრებო ფანჯრის დროს იმედია გუნდის ლიდერები დაგვიბრუნდებიან და ვეცდებით საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ გავიმარჯვოთ.
მთავარია ავსტრიის ნაკრებთან გავიმარჯვოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. რაც შეეხება სერბეთს, რა თქმა უნდა, წამყვანი მოთამაშეები დაუბრუნდებიან. მაგრამ ზაფხულამდე დიდი დროა და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ჩვენი ერთ-ერთი მიზანია ახალგაზრდა თაობა შეთამაშდეს გუნდთან და ადაპტაცია გაიარონ ეროვნულ გუნდში. ახლა კი, რა მოხდება ზაფხულში, ამის თქმა ძალიან რთულია.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ გერმანიის ჩემპიონატი ერთ-ერთი საუკეთესოა და იქ ერთ გუნდში თამაშობენ. წლებია ერთად არიან და შესაბამისად, შეთამაშებულები არიან. ჩვენ რამდენიმე ტაქტიკური მონახაზი ვცადეთ, მაგრამ არ გაამართლა ამან იმის გამო, რომ არ გვქონდა საკმარისი დრო მოსამზადებლად. გამოცდილების ნაკლებობამ არ მოგვცა საშუალება, რომ ასეთი დონის გუნდთან წარმატებულად გვეთამაშა. მე ნამდვილად ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ.
ზონური პრესინგის შედეგად მესამე პერიოდის ბოლო წუთზე სამქულიანის შანსი გვქონდა და რომ ჩაგვეგდო, თანაბარი სიტუაცია იქნებოდა. უნდა ვიამაყოთ ამ ბიჭებით. მაგრამ, რეალობა ზოგჯერ სხვანაირია. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად, მაგრამ არ გამოვიდა. ზაფხულისთვის კი, ისევ ერთ მუშტად უნდა შევიკრათ”, - განაცხადა ზუროსმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები G ჯგუფში 4 ტურის შემდეგ მესამე ადგილზე იმყოფება (1 მოგება, 3 წაგება) და მეორე ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს. საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 29 ივნისს, სერბეთის ნაკრებთან ჩაატარებს.