კალათბურთი

11:34 | 23.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას გამორჩეული მატჩი და ორმაგი დუბლი ცსკა-სთან

ევროლიგის 23-ე ტურში “სასკი ბასკონია” ლიდერ ცსკა-ს ესტუმრა და შინ დამარცხებული დაბრუნდა. არადა, ესპანური გუნდი მრისხანე მეტოქეს სამი პერიოდის განმავლობაში ტოლს არ უდებდა და მეტიც, ხსენებული დროის უმეტეს ნაწილში იგებდა კიდეც.

დასკვნითი პერიოდის წინ ტაბლოზე სრული თანაფარდობა იყო, მაგრამ ბოლო ათწუთეულში კლასმა და გამოცდილებამ თავისი გაიტანა – ცსკა-მ მეოთხედი 22:15, ხოლო თამაში 93:86 მოიგო.

თორნიკე შენგელია კი პარკეტზე ისევ საუკეთესო გახლდათ. “ბასკონიას” კაპიტანმა, რომელიც სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა, 27:59 წუთში საკუთარ გუნდს ორმაგი დუბლით შეეწია: 12 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება.

თორნიკემ 7-დან 4 ორქულიანი, და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანიდან მეტოქის კალათს არ დამუქრებია. შენგელიას ორივე გუნდის შემადგენლობაში მოხსნებში საუკეთესი შედეგი ჰქონდა. აი, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი თანაგუნდელ ჯეისონ გრანგერთან ერთად 25 აღმოაჩნდა და ეს საუკეთესო მაჩვენებელი იყო. შესაბამისად, შეხვედრის MVP სწორედ შენგელია და გრანგერი გახდნენ.

“ბასკონიას” 23 ტურში 10 მოგების წილ 13 მარცხით მეცხრე ადგილი უკავია და პლეი-ოფში მოხვედრის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს. ბასკები მომდევნო ტურში 2 მარტს, “ხიმკის” უმასპინძლებენ.

0.104914