გუშინ გიგანტური სლალომის სტარტზე დადგა ჩვენი გუნდის ბოლო და ყველაზე გამოცდილი წევრი იასონ აბრამაშვილი, რომლისთვისაც ეს არის ზამთრის მეოთხე ოლიმპიური თამაშები. იასონმა ტრასის უმეტესი ნაწილი საკმაოდ სწრაფად გაიარა, მაგრამ ფინიშამდე დაახლოებით ას მეტრში მოცურდა და იმ სხვა ოცდაათამდე მოთხილამურის ბედი გაიზიარა, რომლებმაც დისტანცია ვერ დაასრულეს. ამის გამო იასონს შეჯიბრების გაგრძელების და მეორე დაშვებაში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა.
სამთო თხილამურობის ამ დისციპლინაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა სპორტული სეზონის ლიდერი, ავსტრიელი მარსელ ჰირშერი (რამდენიმე დღით ადრე ჰირშერმა ასევე გაიმარჯვა სამთო კომბინაციაში). მან ორ დაშვებას 2.18,04 წუთი მოანდომა და 1,27 წამით გაასწრო ნორვეგიელ ჰენრიკ კრისტოფერსენს. ბრინჯაოს მედალი მიიღო ფრანგმა ალექსის პენტურომ.
22 თებერვალს სამთო მოთხილამურე ვაჟები ერთმანეთს შეეჯიბრებიან სლალომში. მონაწილეთა შორის იქნება იასონ აბრამაშვილიც, რომელიც ამ დისციპლინაში შედარებით უკეთ გამოდის.
geonoc.org.ge