ფრანგული “პარი სენ ჟერმენი” მადრიდის “რეალთან” საპასუხო მატჩის წინ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. “სანტიაგო ბერნაბეუზე” 1:3 დამარცხდა და შესაბამისად, პარიზში, ორბურთიანი სხვაობით მოგება მართებს.
მატჩის შემდეგ მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი მსაჯების მოქმედებით უკმაყოფილო გახლდათ:
“რამოსის ეპიზოდი არ მინახავს, მაგრამ მითხრეს, რომ მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა. თუ ეს რეალობაა, მაშინ მსაჯი შეცდა. ამასთან, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, არბირტმა რამდენიმე საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო “რეალის” სასარგებლოდ. ჩვენ ბურთს ვაკონტროლებდით და მეორე გოლის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ მსაჯები “რეალს” ეხმარებოდნენ.
მადრიდელები ფავორიტები არიან, რადგან ბოლო 4 წელიწადში სამჯერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად”, აღნიშნა ემერიმ.
ესპანელ სპეციალისტს ეთანხმება კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი და ხელს მსაჯებისკენ იშვერს:
“არასამართლიანი შედეგია. ჩვენ ბევრად უკეთ ვითამაშეთ მეორე ტაიმში და გოლის გატანა არაერთხელ შეგვეძლო. თუმცა, დავუშვით შეცდომებიც. მსაჯი შეცდა, როდესაც მბაპეზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მსაჯებმა ბევრი შეცდომები დაუშვეს და ვფიქრობ, “რეალს” ეხმარებოდნენ”, - დასძინა ალ-ხელაიფიმ.