საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებისთვის ემზადება. სწორედ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ფიბას ვებგვერდი ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს...
სანამ, უშუალოდ სტატიას გავეცნობით, შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ნოემბერში ტრავმების გამო გიორგი ცინცაძე, ბექა ბურჯანაძე და დუდა სანაძე დააკლდა, ხოლო გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია ევროლიგაში თამაშობდნენ. სიტუაცია არც ახლა შეცვლილა უკეთესობისკენ. მეტიც, ნაკრების კაპიტანი მანუჩარ მარკოიშვილიც ტრავმირებულია და მისი თამაში მოახლოებულ ორ მატჩში ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.
ახლა კი, ფიბას ვებგვერდის საინტერესო სტატიას უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოს ნაკრების მოლოდინი მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ისევ მაღალია მიუხედავად გასულ ნოემბერში გერმანიასთან და სერბეთთან მარცხისა.
შეგახსენებთ, რომ ეს ქვეყანა 2011 წლიდან ყველა ევრობასკეტზე თამაშობდა და თანაც, კარგ კალათბურთს აჩვენებდა.
ნოემბერში დაწყებულ შესარჩევ ტურნირში საქართველო გერმანიასთან 70:79 და სერბეთთან 87:105 დამარცხდა. ქართველები გერმანიაში მესამე პერიოდის ბოლომდე 61:60 იგებდნენ, მაგრამ ბოლო მეოთხედი 9:19 დათმეს. დაახლოებით იგივე სცენარი იყო სერბეთშიც – სერბებმა ქართველებს ბოლო 13 წუთში 40:26 აჯობეს.
“იმ რესურსით, რაც შესარჩევი ტურნირის დასაწყისში გვქონდა, ვფიქრობ, მაქსიმუმი გავაკეთეთ. ძნელია, როდესაც ახალი მოთამაშეების მოსამზადებლად დრო არ გაქვს, მაღალი შედეგებისთვის იბრძოლო. გარდა ამისა, შესარჩევი ციკლი იმ კალათბურთელებით გავხსენით, რომელთა უმეტესობას ეროვნულ ნაკრებში მანამდე არასდროს ეთამაშა”, - ამბობს საქართველოს ნაკრების თავკაცი ილიას ზუროსი.
მიუხედავად ყველაფრისა, ზუროსმა დადებითი ელემენტებიც დაინახა:
“კარგია ის, რომ ახალგაზრდა მოთამაშეები გამოჩნდნენ, რომელთაც მანამდე შანსი არასდროს მისცემიათ. ახლა კი, საკმარისი სათამაშო დრო ეძლევათ, რომ თავიანთი თამაში გააუმჯობესონ, მეტი გამოცდილება მიიღონ და ეროვნული ნაკრებისთვის უფრო სასარგებლო კალათბურთელები გახდნენ”, - ესეც ბერძენი სპეციალისტის სიტყვებია.
ერთ-ერთი ვინც შანსი გამოიყენა მერაბ ბოლოქოლიშვილი იყო, რომელმაც თავის პირველ მატჩებში 30 წუთი ითამაშა და 8-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. ასევე, მიხეილ ბერიშვილი – მან გერმანიასთან თითქმის 34 წუთი ითამაშა, 15 ქულა ჩააგდო და მათ შორის, 9-დან 5 სამქულიანი. სერბეთთან კი, 26 წუთში 11 ქულა დააგროვა (4-დან 3 სამქულიანი).
ეს ორი მოთამაშე მაგალითია იმისა, რასაც ზუროსი ელოდება, ახალგაზრდა გოგა ბითაძესთან ერთად. 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად 2.10 სმ-ის ცენტრი გასულ წელს საშუალოდ 11 ქულასა და 6.3 მოხსნას აგროვებდა. ბითაძემ სერბეთთან 21 წუთი ითამაშა, 8 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა.
არიან ახალგაზრდები, მაგრამ ზუროსს ჰყავს მაიკლ დიქსონი – ნატურალიზებული კალათბურთელი, რომელიც ნაკრებს ავსტრიასთან მატჩამდე მხოლოდ ერთი დღით ადრე შეუერთდება.
ილიას ზუროსს არ სჯერა, რომ გიორგი ცინცაძე და ის მოთამაშეები, რომლებიც ნოემბერში ნაკრებს დააკლდნენ, ახლა მაინც შეძლებენ გუნდის დახმარებას ავსტრიასთან და გერმანიასთან. საქართველო ავსტრიაში 23 თებერვალს ითამაშებს, ხოლო ორი დღეში გერმანიის ნაკრებს თბილისში უმასპინძლებს.
“ყველაზე რთული თამაში ავსტრიასთან გველოდება. ვიცით, რომ ჯგუფიდან ერთი გუნდი ვერ გადის და საქართველოს ნაკრები ბოლო ადგილს არ იმსახურებს. სამწუხაროა, რომ ტრავმების გამო ბევრი მნიშვნელოვანი მოთამაშე დაგვაკლდა. გერმანიასთან მატჩზე საუბარი ახლა ნაადრევად მიმაჩნია. ეს ძალიან კარგი გუნდია, მაღალი ხარისხის. მაგალითად, მისი კალათბურთელები მიუნხენის “ბაიერნში” თამაშობენ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი მატჩი ავსტრიასთანაა და ჩვენი მიზანი სწორედ ამ თამაშის მოგებაა”, - დასძინა ზუროსმა.