დიდი გამოხმაურება მოჰყვა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ჰოკეისტთა გაერთიანებული გუნდით ასპარეზობას. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს წევრისა და IOC-ის სპორტსმენთა კომისიის ხელმძღვანელის, ამერიკელი ანჯელა რუჯიეროს აზრით, კორეის გაერთიანებული გუნდი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას იმსახურებს.
„ვისურვებდი, რომ ამ გუნდმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღოს. მოვუწოდებ ყველას, რომ გაერთიანებული გუნდი შესაბამის პრემიაზე წარადგინონ. უშუალოდ გუნდი და არა IOC-ი ან ფედერაცია," - განაცხადა ყოფილმა ჰოკეისტმა, ოლიმპიური ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელმა რუჯიერომ.
კორეელთა გაერთიანებულმა გუნდმა პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სადებიუტო მატჩში შვეიცარიასთან 0:8 წააგო. ოლიმპიადების ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეელებმა ერთი გუნდით იასპარეზეს. შეხვედრას ესწრებოდა სამხრეთ კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი, ჩრდილოეთ კორეის ეროვნული კრების უმაღლესი პრეზიდიუმის (პარლამენტი) თავმჯდომარე კიმ იონ ნამი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის და კიმ იო ჩჟონი. შეხვედრას ასევე დაესწრნენ IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი და შვეიცარიის პრეზიდენტი ალან ბერსე.
ჰოკეიში ქალთა გაერთიანებული გუნდის შექმნის გადაწყვეტილება იანვრის ბოლოს IOC-ის შტაბ-ბინაში მიიღეს. გაერთიანებულ გუნდში 23 კორეელი ჰოკეისტი შევიდა, მათ შორის - 12 ჰოკეისტი ჩრდილოეთ კორეელია.
geonoc.org.ge