სხვა

10:12 | 12.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი სოღოიანი ოცდამეთორმეტეა, დღეს ნინო წიკლაურის ჯერია

ბაკურიანელმა მოციგავემ გიორგი სოღოიანმა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა და საბოლოოდ 32-ე ადგილზე გავიდა. შეჯიბრების დასკვნით დღეს გიორგიმ საციგაო ტრასის გავლას 49,008 წამი მოანდომა, სამივე დაშვებისთვის კი ჯამში 2.27,459 წუთი დასჭირდა.

მოციგავეთა ფინალურ ეტაპს დაესწრო და პრიზიორები დააჯოლდოვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ავსტრიელი დავიდ გრეიხნერი, ვერცხლის მედალი მიიღო ამერიკელმა კრის მაზდერმა, ბრინჯაოსი - ბახის თანამემამულემ, იოჰანეს ლუდვიგმა.

კიდევ ერთმა გერმანელ მოციგავემ, შეჯიბრების მთავარმა ფავორიტმა, ოლიმპიური თამაშების 3-გზის და მსოფლიოს 12-გზის ჩემპიონმა ფელიქს ლოხმა, რომელიც პირველი დღის შემდეგ ლიდერი იყო, ბოლო დაშვებისას მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ მხოლოდ მე-5 ადგილი დაიკავა.

შეჯიბრების დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები ფინიშის ზონაში შეხვდნენ გიორგი სოღოიანს, ოლიმპიური დებიუტი მიულოცეს და წარმატებული სპორტული კარიერა უსურვეს.

„გიორგი ჯერ ახალგაზრდაა, 20 წლისაა და მისთვის ეს ოლიმპიადა გამოცდილების მიღების საუკეთესო საშუალება იყო. ამდენი ტიტულიანი მოციგავის გვერდით გამოსვლა მას ბევრს შესძენს. გიორგიმ თამაშების დაწყებიდან რამდენიმე დღით ადრე მოიპოვა პიონჩანგის საგზური, აქ კი რვა მეტოქეს აჯობა, რაც ურიგო შედეგი არ არის, " - აღნიშნა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

მოციგავეთა ფინალური ტურნირის დაწყებამდე სეოკ-ისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სამხრეთ კორეაში საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელები პიონჩანგისა და კანინის ოლიმპიურ სოფლებს ესტუმრნენ, მოინახულეს ჩვენი ოლიმპიელები და მათი მწვრთნელები, გაამხნევეს ისინი და დარჩენილ შეჯიბრებებში მაღალი ადგილების დაკავება უსურვეს.

კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ჩვენი დელეგაციის თითოეული წევრი პროფესიონალურად და მაღალი პასუხისმგებლობით უდგება საქმეს: „აქ, შორეულ კორეაში თქვენ წარმოადგენთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელ ჩვენს ქვეყანას. ჩათვალეთ, რომ თითოეული თქვენგანი საქართველოს ელჩია ოლიმპიადაზე. მისასალმებელია, რომ ჩვენ ასეთი მეგობრული და შეკრული გუნდი გვყავს პიონჩანგში," - განაცხადა მინისტრმა.

დღეს, 12 თებერვალს გიგანტური სლალომში გამოვა ნინო წიკლაური. მან და ჩვენმა მეორე სამთო მოთხილამურემ, იასონ აბრამაშვილმა ოლიმპიურ ტრასებზე რამდენიმე საკონტროლო დაშვება შეასრულეს და მთავარი სტარტების წინ თავს კარგად გრძნობენ.

geonoc.org.ge

0.111041