იტალიის სერია A-ს XXIV ტური ფლორენციაში დაიწყო. “ფიორენტინა” – “იუვენტუსი” ყოველთვის გამორჩეულად საინტერესო დაპირისპირებაა, რადგან “იების” ტიფოზებს “იუვეს” სახელის გაგონებაც კი არ სურთ. ეს არახალია და ახლა ამაზე საუბრით რაღა თქმა უნდა, თავს არ შეგაწყენთ.
გეტყვით, რომ პარასკევს ტურის დაწყება ჩემპიონთა ლიგის მატჩითაა განპირობებული, რომელსაც “იუვენტუსი” სამშაბათს “ტოტენჰემთან” ჩაატარებს. თუმცა, იქამდე მასიმილიანო ალეგრის გუნდს “არტემიო ფრანკიზე” წარმატებული თამაში სჭირდებოდა, რადგან მიუხედავად “იუვეს” ფანტასტიკური შედეგებისა ბოლო დროს, “ნაპოლის” უკან მოტოვებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.
“ფიორენტინას” კი სხვა მიზნები აქვს, მაგრამ მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო. მეტიც, პირველ ტაიმში დაჯაბნა კიდეც და სიმართლე რომ ვთქვათ, ანტრაქტამდე გატანას იმსახურებდა. გოლთან ყველაზე ახლოს ჟილ დიასი იყო, რომლის დრიბლინგი თითქოს ლოგიკურად სრულდებოდა, მაგრამ, ბურთი ძელს მოხვდა და სტუმრები გადარჩნენ. გვერდს ვერ ავუვლით 21-ე წუთზე მომხდარ ეპიზოდს – ჯორჯო კიელინის ბურთი ხელზე ხვდება და მარკო გუიდა პენალტს ნიშნავს. მსაჯმა ვიდეორეფერის გამოყენებაზე უარი თქვა, მაგრამ დაახლოებით 2-წუთიანი განსჯის შედეგად თერთმეტმეტრიანი გაუქმდა. მიზეზი? – მარკო ბენასი, რომლის ჩაწოდებული ბურთი მოხდვა კიელინის თამაშგარეში იმყოფებოდა. მაგრამ, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ბენასის ბურთი არა თანაგუნდელისგან, არამედ ალექს სანდროსგან მიუვიდა. მოკლედ, დიდი პოლემიკა გამოიწვია ეპიზოდმა, თუმცა ფაქტია, პენალტი გაუქმდა. საპასუხოდ კი, “იუვენტუსი” შეტევაში ღირებულს ვერაფერს ქმნიდა და კარში ერთხელ დაარტყა. აღსანიშნავია, რომ ბოლოს ტურინულმა გრანდმა პირველ ტაიმში ასე მწირი რაოდენობით მეტოქის კარს 2015 აგვისტოში დაემუქრა (“რომას”).
საერთო სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. “ფიორენტინას” მეტოქის ნახევარზე ატარებდა უმეტეს დროს, მაგრამ ჯიჯი ბუფონის კართან ხიფათს ვერ ქმნიდა. 56-ე წუთზე კი, ფედერიკო ბერნარდესკიმ ზედ საჯარიმო ხაზზე ჯარიმა მოინადირა. თავადვე შეასრულა და ფანტასტიკურად. ფედერიკომ ყოფილი და მშობლიური გუნდის კარში ზუსტად იმ მომენტში გაიტანა, როცა “იუვეს” უძნელდებოდა თამაში. ბერნარდესკიმ, რომელსაც ადგილობრივი ქომაგები მთელი თამაში უსტვენდნენ, გოლი აღნიშნა და შეიძლება ითქვას, ეს მისი პირადი შურისძიებაც იყო. თამაშის დასრულებამდე ნახევარი საათი რჩებოდა, მაგრამ როგორც გაირკვა, “ფიორენტინამ” რეალური მომენტი ერთადერთხელ შექმნა – ბუფონმა სირილ ტეროს ცარიელი კარის წინ, ვარდნით აართვა ბურთი და გატანა არ დაანება. მატჩის მიწურულს კი, ჯორჯო კიელინი ორ ფეხბურთელს გასცდა, მოედნის ცენტრიდან მასპინძელთა მთელი დაცვა უსაქმოდ დატოვა, გონსალო იგუაინმა კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2.
“იუვენტუსმა” მოიგო და გალიდერდა. მინიმუმ ერთი დღით, რადგან “ნაპოლი” ამ ტურის მატჩს შაბათს ჩაატარებს. აქვე გეტყვით, რომ “იუვენტუსს” უკვე 16 მატჩია არ წაუგია და ხსენებულ 16 შეხვედრაში ოდენ კინკილა გოლი გაუშვა! ეს, უბრალოდ ფანტასტიკური შედეგია. სკუდეტოსთვის ბრძოლა კიდევ უფრო საინტერესო და დაძაბული ხდება.
“ფიორენტინა” – “იუვენტუსი” 0:2 (0:0) VIDEO
ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”
მაყურებელი: 33 000
“ფიორენტინა” (4-3-3): სპორტიელო; მილენკოვიჩი, პეცელა, ასტორი, ბირაგი; ბენასი (ეისერიჩი 79), ბადელი, ვერეტუ; ჟილ დიასი (ტერო 68), სიმეონე, კიეზა
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
“იუვენტუსი” (4-3-3): ბუფონი; ლიხშტაინერი (ბარძალი 60), ბენატია, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი, მარკიზიო (დუგლას კოშტა 66); ბერნარდესკი (ბენტანკური 78), იგუაინი, მანჯუკიჩი
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლები: 0:1 ბერნარდესკი (56), 0:2 იგუაინი (86)
გაფრთხილება: ჟილ დიასი (37), ვერეტუ (67), ტერო (84), ბირაგი (89) – ლიხშტაინერი (24), ალექს სანდრო (40), ბენატია (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 4 (4) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 1:1
მსაჯი: მარკო გუიდა