პოლონელი ვოიცეხ შჩესნი “იუვენტუსს” ჯანლუიჯი ბუფონის დუბლიორის რანგში შეუერთდა. თუმცა, პოლონელს როდესაც შანსი მიეცა, ჩინებულად გამოიყენა და ერთ-ერთი გამორჩეულიც გახლდათ თანაგუნდელებს შორის.
ბუფონი 2 თვის განმავლობაში ტრავმირებული იყო და შჩესნიც ამ პერიოდში გამოირჩა. ცოტა ხნის წინ იტალიელი მოედანს დაუბრუნდა, ხოლო პოლონელის – სათადარიგო სკამს.
ვოიცეხი ბუფონის შესახებ საუბრობს:
“რას ნიშნავს ჯიჯისთან ერთად მუშაობა? – დაუჯერებელია. როდესაც აქ მოვედი, ვიცოდი, რომ ერთ ან ორ წელს ითამაშებდა. ეს არის გამოცდილება, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ იღებს ადამიანი. დიდი მეკარეა, მაგრამ ადამიანი კიდევ უფრო წარმოუდგენელი. ბუფონი გუნდის ნამდვილი ლიდერია, ყველას მეგობარი. ყველას ეხმარება და დანარჩენებიც მას უდგანან გვერდში.
გიჟური პიროვნებაა. არ დავიწყებ იმაზე საუბარს, თუ როგორი მეკარეა – ყველამ კარგად იცით. იმედია, ჯიჯი კარიერას გააგრძელებს, თუმცა მხოლოდ ერთი წლით (იღიმის) – განაცხადა შჩესნიმ.
შეგახსენებთ, ვოიცეხ შჩესნი “იუვენტუსს” გასულ ზაფხულს შეუერთდა და იმ პერიოდში, როდესაც ბუფონი ტრავმირებული იყო, ის ჩინებულად შეცვალა. რაც შეეხება 40 წლის იტალიელ მეკარეს – მოსალოდნელია, რომ კარიერას ზაფხულში დაასრულებს, მაგრამ ამის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
აქვე გეტყვით, რომ “იუვენტუსმა” უკანასკნელ 15 თამაშში ერთადერთი გოლი გაუშვა. ხსენებული 15 მატჩიდან ხუთი ჯიჯიმ ითამაშა და გოლი არ გაუშვია, ხოლო შჩესნიმ 10 შეხვედრაში ერთხელ გამოიტანა ბურთი საკუთარი კარის ბადიდან...