საფეხბურთო კლუბი „მერანი“ ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე თურქეთში იმყოფება. მარტვილელები ოთხი დღეა ქალაქ სიდეში ვარჯიშობენ, გუშინ კი პირველი სპარინგ მატჩი ბელეკში გამართეს.
„მერანმა“ კიევის „დინამოს“ 21-წლამდელთა გუნდთან ითამაშა და 1:3 დამარცხდა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაში მცირე ტრავმების გამო მონაწილეობა არ მიუღიათ გუნდის ახალწვეულებს დავით ბოლქვაძეს და ნიკა მგელაძეს. მარტვილელთა თავკაცის მიხეილ მახვილაძის განცხადებით, ორივე ფეხბურთელი მომდევნო მატჩისთვის მზად იქნება.
კიეველებთან შეხვედრაში ანგარიში „მერანის“ახალწვეულმა ნიკოლოზ ხინთიბაძემ გახსნა, თუმცა მეტოქემ მალევე გაათანაბრა - ფლანგური შეტევისას საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი გიორგი ჯანჯღავას ფეხიდან აეჭრა და „მერანის“ კარში აღმოჩნდა. ტაიმის მიწურულს დინამოელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს და დაწინაურდნენ. შესვენების შემდეგ მარტვილელებმა გოლის გატანის რამდენიმე შანსი ვერ გამოიყენეს, თამაშის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე კი კონტრშეტევა გამოეპარათ და მესამე გოლი გაუშვეს.
7 თებერვალი. 16:30. თურქეთი. ბელეკი.
სპარინგ-მატჩი.
„დინამო“ კიევი (U21) - “მერანი“ მარტვილი 3:1 (2:1) VIDEO
გოლები: 1:0 ნიკოლოზ ხინთიბიძე (33), 1:1 გიორგი ჯანჯღავა (35 საკ. კ), 2:1 ალიბეკოვი (43 პენ), 3:1 იანაკოვი (86).
„მერანი“: კულუა, ლომაშვილი, ჯანჯღავა, მელიავა, ჟიშკარიანი, ციმაკურიძე, ტეიდი, კურდღელაშვილი, მათიაშვილი, ტრეტიაკი, ხინთიბიძე.
სათადარიგო: მეშველიანი, გეგია, ვ. ფაცაცია, ც. ფაცაცია, ჟვანია, თოლორდავა, ლ. შულაია, ლუკავა, მიქავა.
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.
„მერანი“ მომდევნო მატჩს 8 თებერვალს დონეცკის „შახტარის“ 21-წლამდელთა გუნდთან გამართავს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "მერანმა" ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა ეროვნულ ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში ფოთის „კოლხეთთან“ დამარცხდა (1:2, 2:2) და ახალ სეზონში ისევ ქვედა ლიგაში იბრძოლებს.