ლა ლიგაში “ბარსელონას” შთამბეჭდავი სერია გრძელდება. კატალონიელებმა 21-ე ტურის მატჩში შინ “ალავესი” დაამარცხეს და მე-18 გამარჯვება იზეიმეს, თუმცა წინა შეხვედრებისგან განსხვავებით ძალიან გაუჭირდათ და გარკვეულწილად გაუმართლათ, რომ 3 ქულის მოპოვება შეძლეს.
გასაკვირი არაა, რომ კატალონიური გრანდი ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, თუმცა მომენტების შექმნა პირველ ნახევარში შედარებით უჭირდათ და საწყისი 45 წუთის განმავლობაში სტუმრებმა მეტჯერ მოახერხეს კარის მიმართულებით ზუსტად დარტყმა. “ალავესის” ფეხბურთელები კონტრშეტევაზე ძალიან კარგად თამაშობდნენ და 23-ე წუთზე ტერ შტეგენთან პირისპირ დარჩენილმა გუიდეტმა შეძლო კიდევ ბასკების დაწინაურება, ხოლო ორ შემთხვევაში გერმანელმა კიპერმა საკუთარი გუნდი აშკარა გაშვებული გოლისგან იხსნა. მომენტები რასაკვირველია მასპინძლებსაც ჰქონდათ: ლიონელ მესიმ საჯარიმო დარტყმიდან ბურთი ძელს გაარტყა, ერთ ეპიზოდში ალექსის რუანოს სულ ცოტა დააკლდა ავტოგოლამდე, ხოლო 32-ე წუთზე მასპინძლები ლუის სუარესის წაქცევის გამო პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა იგლესიას ვილანუევამ ეს ეპიზოდი გაატარა.
მეორე ნახევრის დაწყებისთანავე “ბარსელონამ” ძალიან მოუმატა და საწყის 15 წუთში რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. თუმცა, უსაქმოდ არც სტუმრები ყოფილან და 62-ე წუთზე მორიგი მწვავე კონტრშეტევის შემდეგ, რუბენ დუარტეს მეორე ბურთის გატანა შეეძლო, მაგრამ პიკემ იყოჩაღა და მის დარტყმულს გადაეღობა. რაც დრო გადიოდა, “ბლაუგრანას” შეტევები მწვავდებოდა, 67-ე წუთზე პაჩეკომ ლუის სუარესს აჯობა, ხოლო ორ წუთში პაულინიოს რუბენ დუარტემ კარის ხაზიდან გამოუტანა ბურთი.
მოსახდენი მაინც მოხდა და 72-ე წუთზე ანდრეს ინიესტას გადაცემით ლუის სუარესმა წონასწორობა აღადგინა. 84-ე წუთზე კი მესიმ საჯარიმო დარტყმა ჩინებულად შეასრულა და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა, თუმცა ეს ჯარიმა არ უნდა დანიშნულიყო, რადგან პაკო ალკასერი, რომლის წინააღმდეგაც წესების დარღვევა დაფიქსირდა, თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც მსაჯებს გამორჩათ და ამ შეტევით მასპინძლებმა გოლი გაიტანეს.
სულ მალე მსაჯები კიდევ ერთხელ შეცდნენ და ისევ “ალავესის” საზიანოდ, 88-ე წუთზე იბაის დარტყმის შემდეგ, სამუელ უმტიტის ბურთი აშკარად ხელში მოხვდა, მაგრამ იგლესიას ვილანუევამ ეს ეპიზოდი გაატარა და შესაბამისად, ანგარიში აღარ შეცვლილა – 2:1.
“ბარსელონა” უახლოეს მდევარ “ატლეტიკოს” კვლავ 11 ქულით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ მესიმ ლა ლიგაში "ნოუ კამპზე" მე-200 შეხვედრა ჩაატარა და 212-ე გოლი გაიტანა.
კიდევ უფრო ცუდად იმსაჯა ხავიერ ალბეროლა როხასმა, რომლის უხეში შეცდომის გამო, “სევილიამ” 2 ქულა დაკარგა. მასპინძლები 72-ე წუთზე ლუის მურიელმა დააწინაურა. ანდალუსიელები თამაშის ბოლომდე ყველაფერს გეგმის მიხედვით აკეთებდნენ და 3 ქულასაც აიღებდნენ, რომ არა მსაჯთა ბრიგადის არაპროფესიონალზმი: 93-ე წუთზე “ხეტაფე” შეტევაზე წავიდა და საჯარიმოში ჩააწოდეს, სადაც სერხიო რიკო გამოვიდა და ბურთი იოლად დაიჭირა, მაგრამ მას კასტილიელთა მცველი კალა დაეჯახა და წესების აშკარა დარღვევით, ხელიდან გააგდებინა ბურთი, რომელსაც ანხელი დაუხვდა და ცარიელ კარში შეაგდო. მსაჯმა გოლი ჩათვალა და შემდეგ უსამართლობით აღშფოთებულ სევილიელებს ყვითელი ბარათები ჩამოურიგა – 1:1.
ესპანელი მსაჯების არაპროფესიონალიზმს უკვე ზღვარი აღარ აქვს. ტური არ გავა, რომ რაიმე უხეში შეცდომა არ დაუშვან, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს ჩემპიონატის ხარისხსა თუ იმიჯს. “ალავესის” ფეხბურთელმა ჯონ გუიდეტმა “ბარსელონასთან” შეხვედრის დასრულებისთანავე აღნიშნა, რომ ვიდეორეფერის შემოღება უკვე აუცილებელი ხდება ლა ლიგაში.
მე-2 ადგილი გაიმყარა “ატლეტიკომ”, რომელმაც შინ აუტსაიდერი “ლას პალმასი” დაამარცხა და “ვალენსიას” 6 ქულით გაუსწრო. კანარელებმა ერთი საათი გაძლეს, თუმცა შემდეგ ძალები აღარ ეყოთ და ანტუან გრიზმანისგან, ფერნანდო ტორესისგან და ტომას ტეიესგან თითო ბურთი მიიღეს – 3:0.
დღის გახსნით მატჩში “ლეგანესმა” შინ “ესპანიოლი” 3:2 დაამარცხა. საინტერესოა, რომ “ესპანიოლის” მცველმა ჰერმოსომ ორი ავტოგოლი გაიტანა, ხოლო ერთი ბურთი მეტოქის კარში შეაგდო...
ლეგანესი – ესპანიოლი 3:2 (1:0)
გოლები: 1:0, 3:1, 3:2 ჰერმოსო (11 ს.კ. 82 ს.კ. 88), 1:1 მ.ნავარო (49), 2:1 გერერო (69)
ატლეტიკო – ლას პალმასი 3:0 (0:0)
გოლები: 1:0 გრიზმანი (61), 2:0 ფ.ტორესი (73), 3:0 ტეიე (88)
სევილია – ხეტაფე 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 მურიელი (72), 1:1 ანხელი (93)
ბარსელონა – ალავესი 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 გუიდეტი (23), 1:1 ლ.სუარესი (72), 2:1 მესი (84)