ფეხბურთი

15:57 | 25.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი

ჩილელი ალექსის სანჩესის ლონდონის „არსენალიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა დიდი ხნის განმავლობაში იქნება განხილვის საგანი და არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით. არის კიდევ ერთი მიზეზი - 29 წლის ფეხბურთელის მაღალი ანაზღაურება.

ინგლისური პრესის ცნობით, ალექსისის ყოველკვირეული ანაზღაურება დაახლოებით 500 ათასი გირვანქა სტერლინგია (ბონუსების გათვალისწინებით). შეგახსენებთ, სანჩესმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 4,5 წლით გააფორმა.

მოწინავე ხუთეულში სანჩესის კიდევ სამი ახალი თანაგუნდელია. „მანჩესტერ იუნაიტედში“ კვირაში 290 ათასს იღებს და მეორე ადგილზეა პოლ პოგბა, 250-ათასით მეოთხეა რომელუ ლუკაკუ, ხოლო ზლატან იბრაჰიმოვიჩი მეხუთე პოზიციაზეა (220 ათასი).

ათეულში სამი მოთამაშეა მეორე მანჩესტერული კლუბიდან - „სიტიდან“. კევინ დე ბრუინი ყოველკვირეული 280 ათასით მესამეა, ხოლო სერხიო აგუერო და იაია ტურე, იბრაჰიმოვიჩის მსგავსად, 220 ათასს იღებენ.

ათეულში „ჩელსიდან“ მხოლოდ ერთი მოთამაშე მოხვდა - ედენ აზარი (200 ათასი).

ყველაზე მაღალანზღაურებადი ცენტრალური მცველი ვირჯილ ვან დეიკი, რომელიც „საუთჰემპტონიდან“ „ლივერპულში“ ცოტა ხნის წინ გადავიდა, კვირაში 180 ათას გირვანქა სტერლინგს იღებს. მასზე 10 ათასით ნაკლები აქვს სომხეთის ნაკრებისა და „არსენალის“ ფორვარდ ჰენრიხ მხითარიანს, რომელიც ათეულს მიღმა დარჩა.

ათეულში ვერ მოხვდა ინგლისის 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ჰარი კეინი, რომელიც 120 ათასს იღებს.

ერთადერთი მეკარე და ესპანელი, რომელიც ათეულში შევიდა, კვლავ და კვლავ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავს - ეს დავიდ დე ხეაა.

პრემიერლიგის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი:

  1. ალექსის სანჩესი (მანჩესტერ იუნაიტედი) – 500 000
  2. პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი) – 290 000
  3. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) – 280 000
  4. რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნაიტედი) – 250 000
  5. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნაიტედი) – 220 000
  6. იაია ტურე (მანჩესტერ სიტი) – 220 000
  7. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) – 220 000
  8. დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი) – 200 000
  9. ედენ აზარი (ჩელსი) – 200 000
  10. ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული) – 180 000

0.12279