ფეხბურთი

11:45 | 24.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

მაროკო მუნდიალის მასპინძლობისთვის იბრძოლებს

მაროკო მსოფლიოს 2026 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ მაროკოში სპეციალურად მოწყობილ პრესკონფერენციაზე გამოცხადდა.

მაროკოს განაცხადის წარმდგენი კომიტეტის ხელმძღვანელი ჰაფიდ ელ ალამი დარწმუნებულია, რომ მათი განაცხადი საუკეთესო იქნება და მუნდიალის მასპინძლობის მოპოვებას შეძლებენ.

როგორც მაროკოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფუზი ლეკიამ აღნიშნა, მუნდიალი მხოლოდ ერთხელ ჩატარდა აფრიკაში (მსოფლიოს ჩემპიონატს 2010 წელს სამხრეთ აფრიკამ უმასპინძლა) და ისინი შანსს იმსახურებენ. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ მაროკოს კანდიდატურას აფრიკის ყველა ქვეყანა დაუჭერს მხარს.

პრესკონფერენციაზე ითქვა ისიც, რომ მაროკოს განაცხადის წარდგენაში მონაწილეობას ლეგენდარული აფრიკელი ფეხბურთელები დიდიე დროგბა და სამუელ ეტოო მიიღებენ.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მასპინძელს ფიფა წლევანდელი მუნდიალის დაწყებამდე, 13 ივნისს, მოსკოვში დაგეგმილ კონგრესზე კენჭისყრის შედეგად გამოავლენს. განაცხადების წარდგენის ვადა მიმდინარე წლის 16 მარტს დასრულდება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ მაროკოს გარდა, მასპინძლობისთვის იბრძოლებენ აშშ, კანადა და მექსიკა. ამ ქვეყნებმა ერთობლივი განაცხადი წარადგინეს.

0.114075