ფიფას მსოფლიოს ჩემპიონატის თასს საქართველოს დედაქალაქ თბილისში 8 თებერვალს ჩამოიტანენ. მუნდიალის მთავარი პრიზი დღეს მსოფლიოს ჩემპიონებმა ჯეფ ჰერსტმა და ანდრეა პირლომ, ლონდონში მსოფლიო ტურის წინ წარადგინეს. აღნიშნული ინფორმაცია ფიფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
რუსეთში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ თასი მოგზაურობას დღეს დაიწყებს და პირველად შრი ლანკის დედაქალაქ კოლომბოს ესტუმრება. მუნდიალის მთავარი პრიზი 51 ქვეყნის 91 ქალაქში იმოგზაურებს. 7 თებერვალს თასს ერევანში ჩაიტანენ, ერთი დღის შემდეგ კი თბილისში გამოიფინება. საბოლოოდ თასი მოგზაურობას მოსკოვში, ივნისში დაასრულებს.
გლობალური ტურის წინ რუსეთში, სამი თვის განმავლობაში თასი 16 ქალაქის გულშემატკივრებმა დაათვალიერეს.