სიცილიური “პალერმო” იტალიაში ერთ-ერთი საინტერესო გუნდია და ევროპული გრანდებისთვის არაერთი ჩინებული ფეხბურთელი მიუწოდებია. კუნძულელებს უკვე კარგა ხანია მაურიციო ძამპარინი პატრონობს, რომელსაც ფეხბურთელების მაღალ ფასში გაყიდვა სულაც არ ეშლება.
ძამპარინიმ გაიხსენა, რომ დიბალას შეძენა “ნაპოლის” სურდა და თავადაც ფიქრობდა აღნიშნულ ტრანსფერზე.
“პასტორე იტალიაში? – ის ყველაზე დიდი ფეხბურთელია, რომელიც კი მყოლია. დიბალაზე უკეთესიც კი. დიბალას ყიდვა “ნაპოლის” სურდა. აურელიო დე ლაურენტისმა 30 მილიონი ევრო და ჟირჟინიო შემომთავაზა.
მეც ვფიქრობდი, მაგრამ მერე უკეთესი წინადადება მივიღეთ. დიბალასთვის “ნაპოლი” იდეალური გუნდი იქნებოდა, რაც ტურინში არაა. “იუვენტუსში” ძნელია ფეხბურთელი კერპი გახდეს”, - განაცხადა ძამპარინიმ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან საუბარში.
პაულო დიბალა “პალერმოში” 2012-2015 წლებში, ხოლო ხავიერ პასტორე 2009-2011 წლებში თამაშობდნენ.