ფეხბურთი

22:12 | 10.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

როგორ ჩაანაცვლა პატარა კიეზამ გაბრიელ ბატისტუტა... (+VIDEO)

მეოცე საუკუნის მიწურულს იტალიაში იმდენი ვარსკვლავი თამაშობდა, მათი ჩამოთვლა მართლაც შორს წაგვიყვანს. იმ პერიოდში ბურთს აგორებდა ენრიკო კიეზაც. ძალზე საინტერესო მოთამაშე, რომელსაც დღეს რომ ეთამაშა, "სკუადრა აძურას" ლიდერი იქნებოდა, მაგრამ მაშინ, ხშირად არ ეძლეოდა შანსი - კონკურენციის გამო.

თუმცა, ენრიკო ურიგო ფეხბურთელი სულაც არ ყოფილა. ახლა, მამის კვალს შვილი გაჰყვა. ფედერიკო კიეზა ახალი თაობის იტალიელებში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და რაც მთავარია შემოქმედი ფეხბურთელია. ფლორენციის "ფიორენტინა" ხშირად მის კისერზე გადადის კიდეც.

წლების წინ, "იების" ღირსებას ენრიკოც იცავდა. იტალიურ მედიაში იმ პერიოდის ვიდეო გავრცელდა, როდესაც "ფიორენტინა" გენიალურმა გაბრიელ ბატისტუტამ დატოვა.

ენრიკო და ჟურნალისტი, პატარა ფედერიკოს ეკითხებიან, ბატისტუტა წავიდა და "ფიორენტინაში" გოლებს ვინ გაიტანსო:

- ბატისტუტა წავიდა. ვინ უნდა მოვიყვანოთ მის ადგილზე?

- ტოლდო! უყოყმანოდ პასუხობს პატარა კიეზა.

- კი, მაგრამ ტოლდო ხომ უკვე აქაა, თანაც მეკარეა... თავდამსხმელი გვჭირდება, გოლს ვინ გაიტანს?

... ამჯერად, ფედერიკომ სწორი პასუხი გასცა:

- მე!

გავიდა წლები... ძნელი სათქმელია რამდენად არის ფედერიკო "ბატიგოლის" რეალური მემკვიდრე, მაგრამ ფაქტია, დღეს "ფიორენტინას" ლიდერი და შეტევის სულისჩამდგმელია...

0.129812