"ჩელსიმ" ანდრეას კრისტენსენს კონტრაქტი 4,5 წლით გაუხანგრძლივა. დანიელი მცველი "ჩელსიში" 2012 წელს 15 წლისა მივიდა და აი, 2022 წლამდე დარჩენა დაიმსახურა.
კრისტენსენმა ამ სეზონში უკვე 22 მატჩი ჩაატარა და წესით, ოთხშაბათ საღამოსაც ვიხილავთ "სტემფორდ ბრიჯზე", სადაც მისი გუნდი "კარაბაოს თასის" ნახევარფინალურ მატჩში "არსენალს"დაუპირისპირდება.
"ამ წინადადებამ ძალიან გამახარა, - წერს ფეხბურთელი კლუბის ოფიციალურ საიტზე, - ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მომავალი კვლავ "ჩელსის" უკავშირდება".
კრისტენსენი "ლურჯებს" "გლადბახში" გატარებული 2 სეზონის შემდეგ დაუბრუნდა. გერმანულ კლუბთან ერთად მან ჩემპიონთა ლიგაშიც ითამაშა, სადაც ისეთ ძლიერ გუნდებთან მოუწია დაპირისპირება, როგორიც "ბარსელონა" და "მანჩესტერ სიტია".
"ჩელსის" დირექტორი მარინა გრანოვსკაია იმედოვნებს, რომ დანიელი ფეხბურთელი კლუბისთვის სერიოზული ძალა იქნება.
"ახალი ხელშეკრულება არის ჯილდო მის მიერ შესანიშნავად ჩატარებული პირველი სეზონისთვის. კრისტენსენში დიდი პოტენციალი დავინახეთ ჯერ კიდევ 2012 წელს, როცა პირველ კონტრაქტს ვაწერდით ხელს და იგი ახლაც იმსახურებს პრივილეგიებს თავისი პროფესინალიზმისათვის. დარწმუნებულები ვიყავით, გერმანიაში გატარებული ორი სეზონის შემდეგ ღირსეულად შემოგვიერთდებოდა და მან შესანიშნავად გამოიყენა ეს შესაძლებლობა. მოხარულები ვართ, რომ ანდრეასმა ჩვენ აგვირჩია".