ფეხბურთი

17:27 | 9.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

იუბილარი ჯენარო და კახა კალაძის ხუმრობა

იტალიური “მილანის” აწ უკვე მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო იუბილარია. იტალიელი ვეტერანი ფეხბურთელის კარიერა 1995 წელს “პერუჯაში” დაიწყო, სადაც 2 წელი დაჰყო, თუმცა კარიერის საუკეთესო წლები “როსონერიში” გაატარა, სადაც 13 წლის განმავლობაში თამაშობდა.

“შავ წითლების” საყრდენი ნახევარმცველი კალაბროში 40 წლის წინ, 1978 წლის 9 იანვარს დაიბადა. გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახი ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდა, ჯენაროს უდარდელი ბავშვობა ნამდვილად არ ჰქონია. მამა ფეხბურთს სამოყვარულო დონეზე თამაშობდა, თუმცა პროფესიით დურგალი გახლდათ და პატარა ჯენაროს ხშირად უწევდა მასთან მუშაობა, რადგან საოცნებო ბუცებისათვის და ფორმისთვის ფული შეეგროვებინა, ამისთვის კი ხშირად აცდენდა სკოლას. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ რინოს თავზე ღრუბლები გაიფანტა და 12 წლის ასაკში “პერუჯას” ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა.

სერია B-ში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა, თუმცა ერთი წლის შემდგომ, სერია A-ში დაწინაურდა. შემდეგ იყო გლაზგოური კლუბი, სადაც მას შესანიშნავ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ და ეს წინასწარმეტყველება გამართლდა კიდეც, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდგომ “რეინჯერსი” დიკ ადვოკატმა ჩაიბარა და ამან გატუზოს შოტლანდიური კლუბიდან წასვლის ბედიც გადაწყვიტა. მიზეზი კი პოზიციის შეცვლა და სათამაშო დროის ნაკლებობა გახლდათ. ახალგაზრდა იტალიელი გაურკვეველმა სიტუაციამ აღაშფოთა და გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნებულიყო.

"რეინჯერსიდან: გადავიდა “სალერნიტანაში”, რომელიც სერია A-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა და გატუზოს გადასვლას დიდი სიხარულით შეხვდნენ. მას ისე უყურებდნენ, როგორც ვარსკვლავს. რინო ძალიან ეცადა, თუმცა გუნდი მაინც დაქვეითდა სერია B-ში.

იტალიურ “მილანს” ფეთქებადი ხასიათის მოთამაშის შეძენა 8 მილიონი ევრო დაუჯდა.

“პირველად ტურატის ქუჩაზე გავიარე, შემდეგ მილანელოში მივედი და მუზეუმი დავათვალიერე. როცა თასები და ლეგენდების სურათები თვალწინ გადამეშალა, მივხვდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მინდოდა მეც ერთ-ერთი მათგანი გავმხდარიყავი” - ეს სიტყვები გატუზოს ეკუთვნის.

რინო პირველივე სეზონში ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელი გახდა. მის კარიერაში ყვითელი და წითელი ბარათები მრავლად იყო, რადგან ძალიან ხისტი ხასიათი ჰქონდა. 2003 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “მილანი” “აიაქსს” ეთამაშებოდა. მატჩის მსვლელობის დროს რინომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ხელი გაარტყა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს. დასამახსოვრებელი იყო კარლო ანჩელოტისა და ჯენარო გატუზოს კამათიც. იტალიელმა სპეციალისტმა ერთ-ერთ თამაშზე გატუზოს შეცვლა მოისურვა, თუმცა თავად ფეხბურთელი ამ გადაწყვეტილებამ გააცოფა და კარლო იძულებული გახადა მის ნაცვლად მოედნიდან კლარენს ზეედორფი გაეყვანა.

კარლო ანჩელოტი ჯენარო გატუზოსა და კახა კალაძეზე კურიოზულ ისტორიას იხსენებს.

“ერთ დღეს კალაძემ ვარჯიშის დროს ბოდიშის მოხდით ყველანი გაგვაჩერა და გვთხოვა მისთვის მოგვესმინა. ჩვენც იმის მოლოდინში ვიყავით თუ რას გვეტყოდა და მან თქვა:

კახა: 2 დღესა და 14 საათში ჯენარო გატუზოს დაბადების დღეა. თანაგუნდელებმა ბევრი იცინეს, თუმცა რინო გაბრაზდა.

მეორე დილითაც იგივე სცენა განმეორდა, რამაც გატუზო კიდევ უფრო გააღიზიანა. ასევე მოხდა 8 იანვრის ღამეს, როდესაც გატუზოს იუბილემდე მხოლოდ 3 საათიღა რჩებოდა. რინო თავს ვეღარ აკონტროლებდა და ლამის ხელით შეეხნენ ერთმანეთს.

9 იანვარიც დადგა. ჩვენ კახას ვკითხეთ – არაფერი გაქვს სათქმელი?

კახა: არა, რა უნდა ვთქვა.

ანჩელოტი: მაგრამ მაინც დაფიქრდი, რამე ხომ არ გავიწყდება?

კახა: არა.

მე რინოს შევხედე, კუთხეში იდგა ისე, როგორც ბომბი, რომელიც აფეთქების მოლოდინშია. 9 იანვარმა უჩვეულოდ ჩაიარა. რინოც ბედნიერი იყო, რადგან ეგონა, რომ მან გაიმარჯვა და მისმა მუქარამ კალაძეზე გაჭრა, თუმცა 10 იანვარს, როდესაც სასაუზმოდ დავჯექით, კალაძე დამწუხრებული სახით გატუზოს მიუახლოვდა. რინომ კი უთხრა: როგორც ჩანს, რაღაც სერიოზული მოხდა. კახამ კი უპასუხა:

“დიახ ბატონო. დღეიდან გატუზოს დაბადების დღემდე 364 დღე დარჩა”.

მას შემდეგ რაც მოხდა მის გაგებას არც გირჩევთ”, - ღიმილით იხსენებს ანჩელოტი.

“მილანის” ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, ჯენარო გატუზო დღეს იუბილარია!

0.14941