იტალიის ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” ლონდონის “არსენალის” შემტევი ნახევარმცველით, მესუთ იოზილით დაინტერესდა. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, “ბებერი ქალბატონის” მიზანია, 29 წლის გერმანელი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს.
საქმე ისაა, რომ მესუთს “არსენალთან” მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება და მის გახანგრძლივებას არ აპირებს. შესაბამისად, ზაფხულში ნებისმიერ გუნდში შეეძლება გადასვლა. საგულისხმოა, რომ იოზილის შეძენა ძალიან სურს ჟოზე მოურინიოს და ამისთვის მზადაა, “მეთოფეებს” იანვარში 40 მილიონი ევრო გადაუხადოს ფეხბურთელში, რომელსაც 5 თვეში კონტრაქტი უმთავრდება. მიუხედავად ამ გარემოებისა, ლონდონელები იოზილთან ზამთარში შელევას არ აპირებენ.
“იუვენტუსი” კი ცდილობს სიტუაციით ისარგებლოს. აღსანიშნავია, რომ ტურინში იოზილის ახლო მეგობარი სამი ხედირა ირჯება, რომელთაც ერთად გერმანიის ნაკრებსა და მადრიდის “რეალში” უთამაშიათ და იტალიური მხარე ამ ფაქტის თავის სასარგებლოდ გამოყენებასაც გეგმავს.
გარდა ამისა, ტურინელთა გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა თავისუფალი აგენტების მიწვევაში მართლაც დაოსტატებულია. მაროტამ ტურინში თავის დროზე უფასოდ ანდრეა პირლო, პოლ პოგბა, ფერნანდო ლორენტე, კინგსლი კომანი, სამი ხედირა და დანი ალვეში გადაიბირა. ამასთან, თითქმის გადაწყვეტილია, რომ “იუვეს” ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით “ლივერპულიდან” კიდევ ერთი გერმანელი ემრე ჯანი შეუერთდება...
იოზილი “არსენალში” 2013 წლიდან მოყოლებული თამაშობს. 5 წელიწადში სამჯერ მოიგო ინგლისის თასი და ორჯერ ინგლისის სუპერთასი.