ფეხბურთი

19:18 | 8.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა შინდაგორიძე უნგრეთში ითამაშებს

24 წლის შემტევი ნახევარმცველი ლაშა შინდაგორიძე კარიერას უნგრეთის უმაღლესი ლიგის "ბალმაზუივაროშში" გააგრძელებს. ფეხბურთელი უკვე დაემშვიდობა „საბურთალოს“, რომლის შემადგენლობაში ერთი წელი გაატარა და ახალ კლუბს ხვალ შეუერთდება. ამის შესახებ „საბურთალოს“ პრესსამსახური იტყობინება.

შინდაგორიძემ იანვრის დასაწყისში თბილისურ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, თუმცა „საბურთალომ“ უნგრეთში მის ტრანსფერს ხელი არ შეუშალა.

ლაშამ უნგრეთში გამგზავრებამდე „საბურთალოს“ პრესსამსახურთან ისაუბრა და კლუბს მადლობა გადაუხადა:

"ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა, დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო მოლაპარაკებები და საბოლოოდ შეთანხმება მოხდა. "საბურთალოში" დარჩენა გადაწყვეტილი მქონდა, მაგრამ გამოჩნდა უკეთესი ვარიანტი და თბილისური კლუბის ხელმძღვანელებმაც შემიწყეს ხელი. ვისარგებლებ შემთხვევით და სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებსა და კლუბის ხელმძღვანელობას, მადლობას გადავუხდი გვერდში დგომისთვის და დაფასებისთვის.

გეცოდინებათ, რომ "ბალმაზუივაროშში" ბაჩანა არაბული თამაშობს. მქონდა მასთან საუბარი, გარკვეული ინფორმაცია მივიღე უნგრულ კლუბზე.

"საბურთალოში" კარგად ვგრძნობდი თავს, ძალიან თბილი და მეგობრული კლუბია. აქ გატარებული პერიოდი სასიამოვნოდ მახსენდება. "საბურთალოში" ერთი წელი ვითამაშე. თავდაპირველად, არ ვიყავი შესაბამის სპორტულ ფორმაში, მაგრამ გიორგი ჭიაბრიშვილი და მთლიანად სამწვრთნელო შტაბი მენდო და მთელი სეზონის განმავლობაში სისტემატურად მიწევდა თამაში. სწორედ, ჭიაბრიშვილის დამსახურებაა რომ რწმენა დამიბრუნდა და ჩემით უცხოური კლუბი დაინტერესდა. რა თქმა უნდა, ვრჩები "საბურთალოს" გულშემატკივრად - მინდა კლუბს წარმატებები და დიდი გამარჯვებები ვუსურვო. "საბურთალო" ნამდვილად იმსახურებს ჩემპიონობას".

შინდაგორიძემ გასულ სეზონში "საბურთალოს" შემადგენლობაში 36 ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. რაც შეეხება მის ახალ კლუბს, "ბალმაზუივაროში" უნგრეთის ჩემპიონატში 19 ტურის შემდეგ, ამდენივე ქულით ბოლოსწინა, მე-11 ადგილზე იმყოფება. ამ გუნდის რიგებში ბაჩანა არაბული და ირაკლი მაისურაძე თამაშობენ.

0.106942