“თამაშის დასაწყისში უფერულად გამოვიყურებოდით. აუცილებელი იყო, მოედანზე ვინმე გამოჩენილიყო და გუნდისთვის ახალი ენერგია შთაებერა”, - განაცხადა “მილუოკი ბაქსის” ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ “ოკლაჰომა სიტი სანდერის” დამარცხების შემდეგ.
“ჰარის ბრედლი სენთერში” გამართული მატჩის სტარტზე სტუმრები მართლაც უკეთ გამოიყურებოდნენ და პირველი მეითხედიც მოიგეს, სიტუაცია კი მოედანზე ფაჩულიას, ო ჯეი მაიოს და გიანის ანტეტოკოუნმპოს შესვლის შემდეგ შეიცვალა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანს პირველ ტაიმში უკვე 6 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი ჰქონდა, საბოლოოდ კი თამაში 8 ქულით, 10 მოხსნით (4 შეტევაში), 4 პასით, 2 ჩაჭრით და 1 დაფარებით დაასრულა და მილუოკელთა მხრიდან საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს.
საინტერესოა, რომ “ბაქსის” სათადარიგოებმა ოკლაჰომელთა სამარქაფოებს 53:22 აჯობეს, მილუოკელთა მთავარი მწვრთნელი ჯეისონ კიდი კი მატჩის შემდეგ, ძალიან გახარებული იყო, ისეთი სკამი გვყავს, თამაშის შემოტრიალების იმედი ყოველთვის უნდა გვქონდესო.