კალათბურთი

1:54 | 5.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 9 ქულა ევროლიგაში

ევროლიგაში ოთხმატჩიანი მოგებების სერია დაასრულა “უნიკახამ”. მალაგელები მე-16 ტურში საკუთარ მოედანზე “ვალენსიასთან” დამარცხდნენ. არადა, ანდალუზიური გუნდი ძალიან ახლოს იყო წარმატებული სერიის გაგრძელებასთან.

მთელი თამაში იგებდა და მატჩის სადავეები ბოლო პერიოდში, უფრო კონკრეტულად ბოლო წუთებზე გაექცა და საბოლოოდ 83:85 დამარცხდა. საინტერესოა, რომ ამ გუნდთა დაპირისპირება ორი დღის წინ ესპანეთის ჩემპიონატში შედგა და მაშინ “უნიკახამ” მოქმედი ჩემპიონის ბარიერი გადალახა.

მალაგელთა სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა გიორგი შერმადინი, მაგრამ ქართველ ცენტრს დიდი სათამაშო დრო არ მისცემია. 15:40 წუთში ჩვენებურმა 9 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.

გიორგიმ ერთადერთი სტყორცნა ვერ მოათავსა კალათში: 5-დან 4 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ორჯერ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა. მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი თერთმეტს უწია.

“უნიკახა” ევროლიგაში 16 ტურის თავზე 7 მოგებითა და 9 წაგებით მეათე ადგილზე იმყოფება. ანდალუზიელები მომდევნო ტურში 12 იანვარს, “ჟალგირისს” ესტუმრებიან.

0.116537