მილანის “ინტერი” იანვრის სატრანსფერო პერიოდში შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. როგორც Corriere Dello Sport-ი იტყობინება, “ნერაძურის” ხელმძღვანელები სამშაბათ საღამოს შეკრიბნენ და სწორედ ამ საკითხზე იმსჯელეს.
ამრიგად, “ინტერი” “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევის ჰენრიხ მხითარიანის გადაბირებისთვის ნაბიჯების გადადგმას იწყებს. აღსანიშნავია, რომ სომეხი ფეხბურთელი ჟოზე მოურინიოს გეგმებში არ ჯდება, ხოლო იტალიელები ინგლისელებს ბარტეს სთავაზობენ – მხითარიანის სანაცვლოდ პორტუგალიელი ჟოაო მარიო.
გარდა ამისა, იტალიური მედიის ცნობით, მილანური გუნდი ძალიან ახლოსაა ბრაზილიელი რამირესის ტრანსფერის გაოფიციალურებასთან. სამხრეთამერიკელი ამჟამად ჩინურ “იანგსუ სანინგის” ღირსებას იცავდა და ევროპაში დაბრუნება სურს. ამიტომაც, მზადაა კარიერა “ინტერში” გააგრძელოს.
მიმდინარე სეზონში 28 წლის მხითარიანმა ყველა ტურნირის ჩათვლით 20 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, ხოლო 30 წლის რამირესმა 23 შეხვედრაში 7 გოლის გატანა მოახერხა.