სხვა

12:00 | 31.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

შეჯამება - სპორტული 2017 წელი

საათებიც და 2017 წელი წარსულის სახსოვარი იქნება. როგორც წინა წლები, არც ამჯერად ყოფილა გამონაკლისი და საკმაოდ ბევრ საინტერესო სპორტულ მოვლენასთან გვქონდა საქმე. როგორც ქართულ, ისე მსოფლიო სპორტში.

WORLDSPORT.GE-მ 2017 წლის მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენებს თავი ერთად მოუყარა:

რაც უნდა სამწუხარო იყოს, 2017 წელი გამონაკლისი არ ყოფილა და ქართულ ფეხბურთს ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტია. როგორც დავეჩვიეთ, ახლაც ძირითადად ცალკეული ფეხბურთელების წარმატებებზე თუ მოგვიწევს საუბარი. ამის მიზეზი კი საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების წარუმატებელი შედეგებია.

საქართველოს ნაკრებმა წელი ისე დაასრულა, რომ ოფიციალური თამაში ვერ მოიგო და ერთადერთ ნუგეშად სპარინგებში გამარჯვება რჩება. უკეთესი სიტუაცია არც ასაკობრივ ნაკრებებში ყოფილა. ყველაზე დასამახსოვრებელი ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე შვედეთის ნაკრების დამარცხება იყო.

რაც შეეხებათ ცალკეულ ფეხბურთელებს – გურამ კაშიამ “ვიტესში” ჰოლანდიის თასი მოიგო. ეს კლუბის ისტორიაში პირველი ტიტული აღმოჩნდა და თასი ქართველმა აღმართა. ტიტულები მოიპოვა რუსულმა ლეგიონმაც: სოლომონ კვირკველიამ თასი, ხოლო ჯანო ანანიძემ ჩემპიონობას სუპერთასიც დაუმატა.

გაცილებით წარმატებული გამოდგა 2017 წელი ფუტსალის ნაკრებისთვის. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია და ფინალურ ეტაპამდე ნახევარი ნაბიჯი დააკლდა. პლეი-ოფის პირველი მატჩი რუმინეთთან დადებითი შედეგით დასრულდა (2:2), მაგრამ თბილისში სტუმრებმა მოიგეს და ევროპის ჩემპიონატის საგზური შემდეგისთვის გადაგვედო.

ქართული კალათბურთისთვის 2017 წელი მაინცდამაინც წარმატებული არ გამოდგა. წელი საპრეზიდენტო არჩევნებით დასრულდა, რომელშიც გამარჯვება პაატა გურასპაულს დარჩა. მას ერთადერთი კონკურენტი ჰყავდა, თუმცა არჩევნებამდე საათებით ადრე, შიო ხეცურიანმა საკუთარი კანდიდატურა პროტესტის ნიშნად მოხსნა. ამრიგად, ქართულ კალათბურთს მომდევნო 4 წლის განმავლობაში გურასპაული წარუძღვება.

გაიმართა ევროპის ჩემპიონატი, თუმცა საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან ვერ გავიდა. და მაინც, ორი მნიშვნელოვანი მოვლენა ილიას ზუროსის გუნდს უკავშირდება – ევრობასკეტის სადებიუტო მატჩში საქართველომ თვით ლიტვა (79:77) დაამარცხა და ისტორია დაწერა, ხოლო მანამდე, მართალია ამხანაგური, მაგრამ მაინც ფასეული აკროპოლისის თასი მოიგო. აჯობა რა, ისეთ გუნდებს, როგორებიც ზემოხსენებული ლიტვა და სერბეთი არიან. გარდა ამისა, 2017 წელს საქართველოს საკლათბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. გერმანიასთან და სერბეთთან ზუროსის გუნდი დამარცხდა.

და კიდევ – ზაზა ფაჩულიამ “გოლდენ სტეიტ უორიორზის” რიგებში NBA-ს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და მერე თასი თბილისშიც ჩამოიტანა. ფაჩულია პირველი ქართველია, რომელმაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საჩემპიონო ბეჭედი მოირგო. აქვე აღვნიშნოთ, რომ ზაზამ 2017 წლის სექტემბერში სანაკრებო კარიერა დაასრულა.

კაპიტანმა საქართველოს მორაგბეთა ნაკრებიც დატოვა. მამუკა გორგოძემ ამის შესახებ განცხადება მაისში გააკეთა. ქართველმა მორაგბებმა პრესტიჟული საკლუბო ჩემპიონატი TOP 14 მოიგეს. დავით ზირაქაშვილმა, ოთია გიორგაძემ და ვიტო კოლელიშვილმა ერთობ ფასეული ჯილდო “კლერმონის” რიგებში მოიპოვეს.

გამორჩეული მატჩები ჩაატარა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმაც. მილტონ ჰეიგის გუნდმა ტესტებში კანადასა და აშშ-ს ნაკრებებს აჯობა. სხვათა შორის, “ბორჯღალოსნების” ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ხსენებულ მეტოქეებს სტუმრად მოუგო. ხოლო 6 ერის მონაწილე უელსს, მისსავე მოედანზე არაფერი დაუთმო, რითაც გავლენიანი გამოცემები და სპეციალისტები ერთხმად აალაპარაკა. გარდა ამისა, ტიერ 1-ის გუნდებთან ქართველებმა ორი მატჩი გამართეს და ისტორიაში პირველად დაუდეს მეტოქეს 4 ლელო. კერძოდ, არგენტინას.

და რა თქმა უნდა, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი, რომელსაც საქართველომ უმასპინძლა. დაუვიწყარი გამოდგა გელა აფრასიძის ლელო, რომელიც მან ირლანდიის ნაკრებთან დაამიწა. საბოლოო ჯამში პატარა “ბორჯღალოსნები” მეათე ადგილზე გავიდნენ და ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს. გამოსარჩევი გამოდგა არგენტინის ნაკრებთან გამარჯვება – 26:25.

2017 წელი განსაკუთრებით წარმატებული არ ყოფილა ძიუდოსთვის. ყველაზე დასამახსოვრებელი ევროპის ჩემპიონატის ფინალი აღმოჩნდა მძიმე წონაში, რომელიც ქართული გამოდგა. გურამ თუშიშვილმა ადამ ოქრუაშვილი დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველობაც მოიგო. სხვა მხრივ, გამოსარჩევია ლაშა ბექაურის მიღწევა (73 კგ) – ლაშამ ჭაბუკებში არავის არაფერი დაუთმო, ევროპის ჩემპიონობას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც დაურთო!

უნდა აღვნიშნოთ თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში. თეოდორა კახიანი კი, პირველი ქართველი მოფარიკავე ქალია, რომელმაც ტიტულის მოგება მოახერხა.

წარმატებული აღმოჩნდა 2017 წელი ქართული ჭიდაობისთვის. მეტიც, შეიძლება ითქვას, ისტორიული და რეკორდული:

ქალთა ჭიდაობაში აქამდე საქართველოს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ერთი მედალიც არ ჰქონდა. პირველად ეს მარიამ კარელიძემ შეძლო - კადეტთა შორის გამართულ წლევანდელ ევროპირველობაზე მან მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა და საქართველოში, დამწყებ მოჭიდავე გოგონებს უდიდესი სტიმული მისცა. გამოსარჩევია თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების ისტორიული წარმატებაც – ორი ოქროს მედალი ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე. გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილმა გუნდმა სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე კიდევ ერთი აქამდე არნახული შედეგი დააფიქსირა – დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოს უძლიერესი მძიმეწონოსანი გვყავს. გენო პეტრიაშვილი 30-წლიანი პაუზის შემდეგ ავიდა მსოფლიოს პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე. ამასთან, პეტრიაშვილი წლეულს 23-წლამდელთა შორისაც გახდა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ იაკობიშვილი კი პირველად გამოვიდა მსოფლიოს პირველობაზე და უმალ ოქროს მედალს დაეუფლა.

დიდებს ტოლი არც ახალგაზრდებმა დაუდეს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ფურორით გამოვიდა. რვა მედალი რვა წონით კატეგორიაში!

2017 წელი დაუვიწყარი გამოდგა ქართული ძალოსნობისთვისაც - მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ქალთა შორის ანასტასია გოტფრიდი (90 კგ). ანაჰაიმში გამართულ პირველობაზე ანასტასიამ ჯამში 265 კილოგრამი დააგროვა და უახლოეს მდევარს 10 ქულით აჯობა.

მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა და მსოფლიოს რეკორდიც დაამყარა ლაშა ტალახაძემ. 2016 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ანაჰაიმში 477 კგ დააგროვა და მანამდე თავისივე დამყარებული რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა. საერთოდაც, ძალოსანთათვის მსოფლიოს ჩემპიონი ისტორიული გამოდგა - პირველად მოხდა, რომ ერთ ჩემპიონატზე ორჯერ გაიჟღერა საქართველოს ჰიმნმა. ტალახაძემ და გოტფირდმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიგეს.

2017 წელს ქართველ ერს სიხარული ზაზა ნადირაძემაც აჩუქა. აპრილში, ჩეხეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ზაზამ კანოეთი 200-მეტრიან დისტანციაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და შესაბამისად, მისი სახით მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გვყავს.

და ბოლოს, მსოფლიოს ფეხბურთშიც შევიხედოთ - მადრიდის „რეალისთვის“ 2017 წელი ყველაზე წარმატებული გამოდგა. „სამეფო კლუბმა“ 5 ტიტული მოიგო და მათ შორის, ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგა. ამავე ტურნირზე ერთი დაუვიწყარი მატჩი შედგა: „ბარსელონამ“ პსჟ-ს 6:1 მოუგო და მიუხედავად იმისა, რომ მანამდე პარიზში 0:4 ჰქონდა წაგებული შემდეგ ეტაპზე გავიდა.

60 წლის შემდეგ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩა. „სკუადრა აძურა“ პლეი-ოფში შვედეთს ვერ გასცდა. საფეხბურთო ისტორიას კი ალბათ არასდროს დაავიწყდება ჯანლუიჯი ბუფონის ცრემლები, რომელიც მეექვსე მუნდიალს უმიზნებდა.

მოკლედ, 2017 წელი უკვე წარსულია. იმედია, ქართული სპორტისთვის ახალი, 2018 წელი გაცილებით შედეგიანი და წარმატებული გამოდგება!

0.113572