ვინ იცის რამდენი ხანი ოცნებობდნენ ამ დღეზე მოკრძალებული იტალიური გუნდის “ბენევენტოს” ფეხბურთელები, მწვრთნელები, ხელმძღვანელები, გულშემატკივრები. ვინ იცის, ეს დღე რამდენ ხანს შემორჩება “ჯალოროსის” ისტორიას – “ბენევენტომ” ისტორიული მატჩი მოიგო!
რობერტო დე ძერბის გუნდმა აპენინურ ელიტაში (სერია A) სადებიუტო გამარჯვება პირველი წრის ბოლო ტურში, ვერონას “კიევოსთან” მოიპოვა. კალჩოს დებიუტანტს ძალზე მნიშვნელოვანი სამი ქულა მასიმო კოდას მეორე ტაიმის შუაწელს გატანილმა გოლმა მოუტანა.
ამრიგად, “ბენევენტო”, რომელმაც ზედიზედ 18 მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა (მათ შორის მიჯრით 14 წაგება) და წელი, რომელიც საბოლოო ჯამში მისთვის წარმატებული იყო, რადგან ელიტის საგზური პირველად მოიპოვა, ამაღლებულ ნოტაზე დაასრულა.
თუმცა, რა გადაარჩენს “ბენევენტოს” რთული წარმოსადგენია. 19 ტურში 4 ქულა და მყარად ბოლო პოზიცია. 19 გუნდიდან “ბენევენტომ” მხოლოდ ორ მეტოქესთან არ წააგო. “კიევოს” მოუგო და “მილანთან” ფრე ითამაშა...