დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი სუპერლიგის 2 მატჩიდან ერთი დასრულდა. ქვემოქართლურმა “დელტამ” საკმაოდ ხმაურიანი შედეგი დააფიქსირა. თემურ კანკიას გაწვრთნილმა მარნეულელებმა, რომლებსაც მიმდინარე ჩემპიონატში მხოლოდ 2 მოგება ჰქონდათ, ერთ-ერთი ლიდერი “ოლიმპი” დაამარცხეს – 96:87.
“ოლიმპს” მიმდინარე ჩემპიონატში 11 მატჩიდან 7 მოგება ჰქონდა და ცხადია, ერთ-ერთ აუტსაიდერთან ფავორიტადაც ითვლებოდა, თუმცა “მარნეულმა” სამაგალითოდ იბრძოლა და მშვენივრად ჩატარებული ბოლო პერიოდის ხარჯზე გაიმარჯვა. თამაში ოლიმპელებს მიჰყავდათ, თუმცა ქვემოქართლელები ბევრით არ რჩებოდნენ და პერიოდული აფეთქებებით 10-12 ქულიან ჩამორჩენას უმალ აბათილებდნენ.
შეხვედრა დასასრულისკენ მიდიოდა, “ოლიმპმა” გადამწყვეტ პერიოდში 9-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა და თითქოს გამარჯვებამდეც უნდა მისულიყო, მაგრამ დასკვნით ეპიზოდში “დელტას” კალათბურთელებმა დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და საბოლოოდ, ისე მოიგეს, “ოლიმპს” მოგების შანსიც არ მისცემია. ქვემოქართლელებმა ბოლო პერიოდი 31:17 მოიგეს და საამაყო გამარჯვებას მიაღწიეს.
“მარნეულს” 22 ქულით და 11 მოხსნით ტაილერ ალდერმანმა ულიდერა. 22 ქულა მოაგროვა არტიომ შვეცმაც, ხოლო ნიკოლას ნილის ანგარიშზე 19 ქულა და 8 პასი დაგროვდა. “ოლიმპში” 29 ქულითა და 11 მოხსნით მარკ ოგდენი გამოირჩა, ხოლო გივი ბაქრაძის ანგარიშზე 12 ქულა და 7 პასი დაგროვდა.
მარნეული – ოლიმპი
სტატისტიკა: 96:87
მატჩისშემდგომი კომენტარები
თემურ კანკია, მარნეულის „დელტას“ მთავარი მწვრთნელი: „მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ბიჭებს იმ თავდადებისთვის, რომელიც დღეს გამოიჩინეს. დღეს დაგვიბრუნდა თამაშს მოწყურებული არტიომ შვეცი, რომელმაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ამ ყველაფრის შემდეგ, ვფიქრობ, რომ დავიმსახურეთ მოგება.“
ლეონიდ ივატინი, „ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი: „წავაგეთ იმიტომ, რომ მეტოქეს 96 ქულის ჩაგდების საშუალება მივეცით, ეს არის და ეს.“
GBF.GE