ევროლიგაში მორიგი გამორჩეული დღე ჰქონდა თორნიკე შენგელიას. მართალია, “სასკი ბასკონია” საკუთარ მოედანზე ლიდერ ცსკა-სთან ვერაფერს გახდა და დამარცხდა (81:90), მაგრამ ამაში დამნაშავე ქართველი კალათბურთელი ნამდვილად არაა.
არადა, ვიტორიელები ჩინებულად თამაშობდნენ და მრისხანე მეტოქეს მთელი სამი პერიოდი ტოლ-სწორად ეთამაშებოდნენ. მეტიც, დასკვნითი მეოთხედის წინ “ბასკონია” ორ ქულას იგებდა, მაგრამ ბოლო 10 წუთში კლასმა და გამოცდილებამ თავისი გაიტანა და რუსულმა გუნდმა გაიმარჯვა.
რაც შეეხება თორნიკეს – თანაგუნდელთა შორის ცალსახად საუკეთესო იყო და სულ მცირედი დააკლადა, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშეც (MVP) გამხდარიყო.
შენგელიამ პარკეტზე 28:17 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს ორმაგი დუბლით შეეწია. 20 ქულასა და 13 მოხსნას ჩვენებურმა 2 შედეგიანი გადაცემაც დაამატა. ესპანური გუნდის ქართველმა კაპიტანმა 9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ექვსჯერ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა.
შენგელია “ბასკონიას” რიგებში ყველაზე შედეგიანი გახლდათ, ხოლო მოხსნებში საერთოდ ორივე გუნდის რიგებში აღმოჩნდა საუკეთესო. მაგალითისთვის თორნიკეს შემდეგ ფარიდან ყველაზე მეტჯერ ბურთი ვინსენ პროირერმა მოხსნა (7-ჯერ). მარგი ქმედების კოეფიციენტი 33(!) ჰქონდა. ამ მაჩვენებლით მას სულ მცირედით აჯობა ცსკა-ს წევრმა სერხიო როდრიგესმა (35). არადა, რომ არა ის, “თოკომოტივი” მატჩის MVP გახდებოდა და ვინძლო, საერთოდ ტურისაც. აქვე გეტყვით, რომ ევროლიგის წინა ტურში საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ქართველი დასახელდა. სხვათა შორის, ბოლო წამზე, შენგელიამ სამქულიანი ისროლა და რომ ჩაეგდო, მარგი ქმედების კოეფიციენტი 37-მდე გაიზრდებოდა, მაგრამ...
“ბასკონიას” ევროლიგაში 15 ტურის შემდეგ 7 მოგებითა და 8 წაგებით მეცხრე ადგილი უკავია. შენგელია და მისი თანაგუნდელები მომდევნო ტურში 5 იანვარს, მოქმედ ჩემპიონ “ფენერბახჩეს” სტამბოლში დაუპირისპირდებიან.